სუს-მა ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, პატიმრობაში მყოფ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება 2 თვით შეეზღუდა. ხაბეიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის თქმით, პატიმარი მას წერილებსაც ვეღარ გადასცემს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით შეეზღუდა. შესაბამის დადგენილებას ხელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი შაქრო ხარშილაძე აწერს.

როგორც ხარშილაძე განმარტავს, მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ ბრალდებულს ზემოაღნიშნული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოს, „რადგან არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ სატელეფონო კომუნიკაციის, პაემანზე შეხვედრის ან მიმოწერის გზით პენიტენციური დაწესებულებიდან იგი შეეცდება საქმეში გამავალ პირებთან, მოწმეებთან დაკავშირებას და ზემოქმედების მოხდენას, რაც ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას“.

ლევან ხაბეიშვილის თანაპარტიელები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არგუმენტები აბსურდულია. გიორგი ბოტკოველის თქმით, გაუგებარია, როგორ შეძლებდა ხაბეიშვილი ზემოქმედების მოხდენას მოწმეებზე, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.

„წერილებს მისწერს გდდ-ის თანამშრომლებს, თუ?! საქმის მოწმე გდდ-ის სამი თანამშრომელია, რომლებმაც... აბსურდული რაღაც მოიგონეს, თითქოს, მათ შეურაცხყოფად მიიღეს ის ყველაფერი, რაზეც ლევანი საუბრობდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან ეს არის აბსურდული, მაგრამ გამიზნული ქმედება. რეალურად, მათ ეშინიათ 4 ოქტომბრის, ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის და რაც მთავარია, ეშინიათ ქართველი ხალხის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ რეჟიმს განაჩენს აუცილებლად გამოუტანს“, – განაცხადა ბოტკოველმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს, ქრთამის დაპირების ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ მას ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლითაც წარუდგინა. საქმე ეხება ლევან ხაბეიშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებულ და სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებებს.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ ანტისამთავრობო აქციებზე გდდ-ის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე.

ამასთან, პროკურატურის მტკიცებით, ხაბეიშვილი 2025 წლის ივნისიდან, სატელევიზიო ეთერებიდან და საოციალური ქსელის საშუალებით მოქალაქეებს სისტემატიურად მოუწოდებდა ისეთი ქმედების ჩადენისაკენ, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა, რისთვისაც განსაზღვრავდა კონკრეტულ თარიღსა და ადგილს.

14 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.