სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მისი ქვეყნის წევრობა ფაქტობრივად გაყინულია. ამასთან, ფაშინიანის თქმით, სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის საკითხი „დღის წესრიგში არ დგას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„მიმაჩნია, რომ ორგანიზაციამ არ შეასრულა უსაფრთხოების ვალდებულებები სომხეთთან მიმართებაში, კერძოდ, 2021 და 2022 წლებში. ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. დღეს ჩვენ პრაქტიკულად გავყინეთ ჩვენი მონაწილეობა ამ ორგანიზაციაში. ვნახოთ, ხვალ რა იქნება“, - უპასუხა ფაშინიანმა ფრანგი ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან სომხეთის შესაძლო გამოსვლას ეხებოდა.
ფაშინიანის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და თქვა, რომ სომხეთს ოფიციალური ზომები არ მიუღია ორგანიზაციაში წევრობის შესაჩერებლად. „ვაპირებთ ჩვენს კოლეგებთან დაკავშირებას და ამ განცხადებების მნიშვნელობის გარკვევას. დეტალების გაგება ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სომეხი მეგობრები ყველაფერს აგვიხსნიან“, - უთხრა პესკოვმა რუსულ მედიას.
ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთია დომინანტი, არაერთხელ გააკრიტიკა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის კონფლიქტების დროს დახმარების არ აღმოჩენის გამო.
2022 წლის ნოემბერში ფაშინიანმა ხელი არ მოაწერა ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს დეკლარაციას, რადგან ის არ შეიცავდა „სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიის პოლიტიკურ შეფასებას“. 2023 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრმა უარი განაცხადა, სომხეთის ტერიტორიაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ერთობლივი წვრთნების - „ურღვევი ძმობა 2023“-ის ჩატარებაზე. სომხეთმა არც ბელარუსში ივლისში ჩატარებულ წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო ორგანიზაციის მინსკის სამიტს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია 2002 წელს შეიქმნა და მასში რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შედიან.
