სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრება „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის შესახებ Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო. მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ლილუაშვილმა სასამართლოში დავა მოუგო ოპოზიციურ არხებს, რომლებიც ქოლცენტრებთან კავშირში ამხელდნენ
- 6 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
„ნინო წილოსანის ჯიში მოვ***ნის“ გამო აღძრული საქმე. „დეტექტივი კალანდია“ - აი, რითი არიან ქოცი დეტექტივები დაკავებული“, – წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და საქმის მასალებს აქვეყნებს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის, ირაკლი კალანდია ოქმიდან ირკვევა, რომ მან „სასამართლოში წარდგენისა და სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით“, აქტივისტის Facebook გვერდი დაათვალიერა, რის შედეგადაც „აღმოაჩინა“, რომ „2025 წლის 21 დეკემბერს ნატალია ფერაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს - ნინო წილოსანს“.
„სავარაუდო სამართალდამრღვევის იდენტიფიცირების მიზნით სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ავტვირთე ნატალია ფერაძის ფეისბუქ გვერდიდან ჩამოტვირთული ფოტოსურათი. აღნიშნული ფოტოს დამუშავებით სახის ვიზუალური დათვალიერების შედეგად ამოცნობილი იქნა სავარაუდო სამართალდამრღვევი - ნატალია ფერაძე“, – წერს დეტექტივი.
ნატა ფერაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლით მიმდინარეობს.
„ქართულმა ოცნებამ“ კოდექსში აღნიშნული მუხლი გასულ წელს დაამატა. შედეგად, დასჯადი გახდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარ შეურაცხმყოფელ ქმედება. სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 2500 ლარიდან 6000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა - 60 დღემდე.
„ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ამ ნორმას აქტიურად იყენებს ოპონენტების წინააღმდეგ. გასული წელს სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელმაც Facebook-ზე ნინო წილოსანის შესახებ „ეს ნაძირალა არაქალი!“ დაწერა. ამავე ოდენობით ჯარიმა დაეკისრა ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს, რომელმაც „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატი, მარიამ ლაშხი სოციალურ ქსელში „მონად“ მოიხსენია.
სასამართლომ 17316-ე მუხლით აქტივისტებს მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენა. სოფო აფრიამაშვილმა და ლიკა ლორთქიფანიძემ საპატიმროში 12-12 დღე გაატარეს, მას შემდეგ, რაც მათი მიმართვა - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს...“ კაფეში მცირეწლოვან შვილებთან ერთად მყოფმა მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფად მიიღო და პოლიციას საჩივრით მიმართა.
ნატა ფერაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 28 იანვარს არის დანიშნული. სამოქალაქო აქტივისტმა საქართველო 2024 წელს დატოვა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ის ადმინისტრაციული წესით 15-ჯერ დააკავეს, სტალინის გამოსახულებიან ხატზე საღებავის შესხმისთვის კი დააპატიმრეს კიდეც. საქართველოში ყოფნისას ის და მისი ოჯახი მუდმივად იყო ხელისუფლების მიერ წახალისებული პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფების სამიზნე.
