შაჰინი: დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არაა, არც საბოტაჟია

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მხარდაჭერას უცხადებს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეპრესიების ახალი ტალღის სამიზნე გახდნენ. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაკავებული მომიტინგეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა დანაშაული არ არის. არც „სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟია“. მე კვლავაც ვდგავარ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გვერდით, რომლებიც ცდილობენ საქართველოს დემოკრატიის შენარჩუნებას“, - წერს შაჰინი სოციალურ ქსელ X-ში.

27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა. „საბოტაჟის საქმის“ გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა მათ საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“, დაჯარიმებული პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდას და მათი დაცვის ხარჯების უზრუნველყოფას ედავება.

„[არასამთავრობო ორგანიზაციების] მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“, - აცხადებს პროკურატურა.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნების“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ბრიფინგი / ფოტო: Publika.ge

ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად მათ ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას ნიშნავს. ამის მიუხედავად, ისინი საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ. როგორც „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ხელმძღვანელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ ჯერ ადგილობრივ დონეზე, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„ჟურნალისტებისთვის, რომლებიც აშუქებდნენ ამ აქციებს, მათთვის გვაქვს შეძენილი როგორც პირბადეები, ასევე შლემები, იმისთვის, რომ მათ უსაფრთხოდ გაეშუქებინათ აქციები“, - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

„ჩვენ, პროტესტთან კავშირში, ვიცავდით ნაწამები, ძალადობაგამოვლილი ადამიანების ინტერესებს. 60-ზე მეტი პირის საქმე მიგვაქვს სტრასბურგის სასამართლოში, ვინც სწორედ „ქართული ოცნების“ მხრიდან სისტემური ძალადობის, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. საერთო სასამართლოებში და საბოლოოდ, სტრასბურგში ვმუშაობდით გათავისუფლებული საჯარო მოხლეების დასაცავად, რომლებიც სწორედ ევროპულ მომავალს იცავდენენ და ამის გამო რეჟიმმა დისკრიმინაციულად, უკანონოდ გაათავისუფლა სამსახურიდან“, - განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ.

პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიება თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებილი ორგანიზაციის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარტში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშებიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.