თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის სარჩელი და ისტორიის მასწავლებელს, ლევან ღამბაშიძეს 10 000 ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება დღეს, 29 ოქტომბერს, მოსამართლე დავით აკობიძემ გამოაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
საქმე ეხება ღამბაშიძის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ის წერდა, რომ ნინო წილოსანის ოჯახმა ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი „მოიპარა“. წილოსანმა სასამართლოში იჩივლა და ცილისწამების უაყროფა, ასევე, მორალური კომპენსაციის სახით, ლევან ღამბაშიძისთვის 10 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
„ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა! დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი, რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება უპასუხოდ არ დარჩება“, - დაწერა დღეს Facebook-ზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა.
ნინო წილოსანი ამბობს, რომ ლევან ღამბაშიძისთვის დაკისრებულ 10 000 ლარს ქველმოქმედებას მოახმარს. „მოხარული ვიქნები ჩემს სხვა საქველმოქმედო აქტივობებთან ერთად აღნიშნული თანხა მათ გადავცე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. იქნებ ამ მორალურად სწორმა ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაანახოს ლევანს, რომ თავისი ძალისხმევა უფრო კეთილშობილურ და სწორ მიზნებს მოახმაროს“, - დაწერა წილოსანმა.
ლევან ღამბაშიძე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი თქმით, სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ „ქართული ოცნებისაგან“ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.
„ერთი ნინო დათაშვილია კრიმინალი, ანდრო ჭიჭინაძე ბანდის წევრი, მზია ამაღლობელი უცხოეთის აგენტი და მე ცილისმწამებელი. რა თქმა უნდა არ ვცნობ თავს დამნაშავედ და ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ ყველგან, სადაც საჭიროა.
იმედი განმიმტკიცდაო - დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება რომ უპასუხოდ არ დარჩება ამ ქვეყანაში, ეგ იმ ხალხს უმტკიცეთ, უცხოეთის აგენტებსა და დახელფასებულებს რომ უძახის თქვენი რეჟიმის ყველა წევრი ყოველ დღე.
კეთილშობილურ მიზნებსა და მორალურ ქმედებებს რაც შეეხება, გთხოვთ ამიხსენით, ძალაუფლების მქონე მილიონერი რომ მასწავლებელს ართმევს ფულს და კეთილ საქმეს მოახმარს, ეგ რანაირად არის მორალური ქმედება? ეგ სწორი იქნებოდა ბავშვობაში „იდუჰ ნიბორ“-ი რომ წაგვეკითხა. მე კი მჯერა რომ საქართველოში მორალის უფრო სხვა, სწორი გაგებაა გავრცელებული.
და ყველაზე მეტად თანხა ვისაც სჭირდება, მათზე პირადად ჩემგან ამოღებული ფულით კი არ უნდა იზრუნოთ, თქვენივე მტკიცებით თქვენი პირდაპირი მოვალეობაა ეგ და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი გაქვთ ამისთვის ჩაბარებული. თუმცა აგერ თქვენივე პროკურატორას თუ დავუჯერებთ, კარგად ვხედავთ როგორაც ეპყრობა რეჟიმზე მომუშავე მსხვილ და წვრილფეხობა ქვეყნის ბიუჯეტს“, - წერს Facebook-ზე ლევან ღამბაშიძე.
ნინო წილოსანის მამა, შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და სხვა ხელმძღვანელი პირები (მათ შორის, ნინო წილოსანის მაშინდელი მეუღლე ვლადიმერ აბულაძე) 2013 წელს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოთი გაათავისუფლეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებდა, რომ „საქართველოს რკინიგზასა“ და „ვაგონმშენებელ კომპანიას“ შორის ვაგონების გარემონტების მიზნით 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც „საქართველოს რკინიგზამ“ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 000 აშშ დოლარი დააფიქსირა, თუმცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 000 ლარი იყო. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ამ ქმედებით დაკავებულებმა შპს „საქართველოს რკინიგზას“ 65 მილიონი ლარის ზიანი მიაყენეს. სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად 10 წელი დასჭირდა - 2023 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნო. ეს განაჩენი, რომელიც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, უცვლელი დარჩა. დავის სხვა დეტალები უცნობია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შესაძლო ცილისწამებაზე დავას იწყებენ. 18 ივლისს თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივლეს Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებული იმ პოსტის გამო, რომელიც თეა წულუკიანის მამას, ყოფილ მოსამართლე ავთანდილ წულუკიანს ეხებოდა. საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა.
მანამდე, ივნისის ბოლოს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, მიიღო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რის შედეგადაც ცილისწამების შესახებ დავისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელის ნაცვლად, მოპასუხეს დაეკისრა.
