საფრანგეთში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, მემარცხენე ალიანსმა, „ახალმა სახალხო ფრონტმა“ გაიმარჯვა და ეროვნულ ასამბლეაში 182 ადგილი მოიპოვა. მეორე ადგილზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული კოალიცია გავიდა (168 ადგილი), ხოლო მესამეზე - მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანება“, რომელსაც 143 ადგილი ექნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
მათ მოჰყვნენ კონსერვატორები „რესპუბლიკური პარტიიდან“, 45 ადგილით. დარჩენილ მანდატებს დამოუკიდებელი დეპუტატები და მცირე გაერთიანებების წარმომადგენლები ინაწილებენ.
577-წევრიან პარლამენტში უმრავლესობის, ანუ 289 ადგილის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციის შექმნა იქნება საჭირო.
„ახალი სახალხო ფრონტი“ უკიდურეს მემარცხენე, კომუნისტურ, სოციალ-დემოკრატიულ ძალებსა და „მწვანეებს“ აერთიანებს. ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჟან-ლუკ მელენშონმა უკვე უარყო მემარცხენე პარტიებსა და მაკრონის ცენტრისტულ ბლოკს შორის კოლაციის შექმნის შესაძლებლობა. მან საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწოდა, „ახალ სახალხო ფრონტს“ მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებინოს.

არც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია მზად მემარცხენე ძალებთან კოალიციის შესაქმნელად. ამის შესახებმან არაერთხელ განაცხადა წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერები, მარინ ლე პენი და ჟორდან ბარდელა ასევე გამორიცხავდნენ კოალიციურ მთავრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას.
არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა გადადგომის თაობაზე განაცხადა. თავისი გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის ცენტრისტულმა კოალიციამ ეროვნულ ასამბლეაში მანდატების უმრავლესობა ვერ მოიპოვა. მისი თქმით, ის პრემიერ-მინისტრად დარჩება ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა, „ეროვნულმა გაერთიანებამ“ პირველი ადგილი დაიკავა და მოსალოდნელი იყო, რომ მეორე ტურშიც მაღალ მხარდსჭერას მიიღებდნენ, თუმცა, მემარცხენეების და მაკრონის კოალიცია ულტრამემარჯვენეების გამარჯვების თავიდან ასაცილებლად გაერთიანდნენ.
არჩევნების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
„საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია. მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას. გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი. მოგვიანებით, მან დაამატა, რომ არჩევნების შედეგი გამარჯვება და იმედია ევროპაში ყველასთვის, ვინც წინააღმდეგობას უწევს რუსეთის მცდელობებს.
პრეზიდენტმა მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ივნისში, ევროპარლამენტის არჩევნებში, საფრანგეთში მემარჯვენე პოპულისტებმა გაიმარჯვეს.
