„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილსის მერმა კახა კალაძემ მორიგი ანტიდასავლური განცხადება გააკეთა და ამერიკის შეერთებული შტატები საარჩევნო პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის მართვა „კონკრეტული საელჩოდან“ ხდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
„მოდი, პირდაპირ ვთქვათ - არჩევნებს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები საქართველოში, ოპოზიციის მაგივრად. ეს არის რეალობა, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, ის კონკრეტული განცხადებები. საქართველოში ზოგიერთ პოლიტიკოსს აქვს წამოცდენები იგივე სანქციებთან დაკავშირებით. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ეს პროცესები, განცხადებები, კიდევ უფრო გამძაფრდება. პირდაპირ დალაგებული აქვთ ყველაფერი - სად, როდის, ვინ უნდა გამოვიდეს, ვინ რა უნდა თქვას, რათა მაქსიმალურად დაეხმარონ ოპოზიციას, რომ როგორმე სახე შეინარჩუნონ და მოახერხონ, მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ოპოზიციური ძალების გაერთიანებასთან დაკავშირებით კალაძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს ისინი არ იღებენ:
„ვინ ეკითხება ან გახარიას, ან ხაზარაძეს, ან სალომე ზურაბიშვილს მათ გაერთიანებას?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ კონკრეტული საელჩოდან ხდება ამ პროცესების მართვა, საარჩევნო კამპანიის მართვა. რასაც ეტყვიან, ჩვეულებრივი ყურმოჭრილი მონები არიან. დაიბარებენ, ეტყვიან „ეს უნდა გააკეთო“ და მათ იმის უფლებაც კი არ აქვთ, ამას პასუხი გასცენ, რატომ ან რისთვის. როგორც ეტყვიან, ისე გააკეთებენ. ჩვეულებრივი სპექტაკლია... ამ გადაწყვეტილებებს არც მიხეილ სააკაშვილი იღებს, არც გვარამია, არც გახარია, არც „ლელო“. ამ გადაწყვეტილებებს იღებენ გარედან. ერთ-ერთი საელჩოდან ხდება ამ ყველაფრის მართვა“.
„ქართულ ოცნებასა“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა პარტიამ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი მიიღო. მაისის ბოლოს აშშ-მა საქართველოსთან თანამშრომლობის „ყოვლისმომცველი გადახედვა“ დაიწყო და სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა შემოიღო. მას შემდეგ, სავიზო სანქციები დაუწესდა საქართველოს 90-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის, რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ პირებს. გარდა ამისა, ხაზინის დეპარტამენტმა დაასანქცირა და „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანა ხელისუფლების ორი მოქმედი მაღალჩინოსანი. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, აშშ-ს შემუშავებული აქვს სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც.
