ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, უზრა ზეია საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. თბილისში ის, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენის მოადგილე მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება, რათა „ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების გამო, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას“.
„ის ცხადყოფს, რომ მთავრობის არადემოკრატიულმა ქცევამ და შეერთებული შტატების შესახებ დეზინფორმაციამ დააზიანა ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, დეპარტამენტის ცნობით, უზრა ზეია ხაზს გაუსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას, ქართველი ხალხის ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და 32 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერას.
გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ისაუბრებს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის ამაღლებაზე, მარგინალიზებული ჯგუფების წევრების და საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვაზე.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე ასევე შეხვდება სათემო ორგანიზაციას, რომელიც დევნილმა ქალებმა დააფუძნეს.
უზრა ზეია სომხეთში მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდერა. საუბარი შეეხება აშშ-სომხეთის პარტნიორობის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობის, ანტიკორუფციული და სასამართლო რეფორმების მიმართულებით სომხეთის წინსვლას. ის ასევე შეხვდება გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც სომხეთში მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფების მხარდასაჭერად მუშაობენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პატივს მიაგებს 1915 წლის სომეხთა გენოციდის მსხვერპლებს და მოინახულებს ახპატის მონასტერს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
