31-მა ევროპარლამენტარმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართა. ისინი ითხოვენ, ევროკავშირმა მიიღოს ზომები, მათ შორის, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი შეუჩეროს, რაც ქვეყნის ხელისუფლებისათვის მკაფიო სიგნალი იქნება
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
„საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათმა აგრესიულობამ უცხო აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა. ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და ევროკავშირის მიერ ამის უგულვებელყოფა აღარ შეიძლება.
მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდეგი ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.
- პირველი - საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე.
- მეორე - უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
- მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში „საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.
ბოლო წლებში ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდასაჭერად. ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ ამ კუთხით, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იგივეა და დაცული უნდა იყოს“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ პეტრას აუსტრევიჩიუსი, ვიოლა ფონ კრამონი, გაი ვერჰოფშტადტი, რიჰო ტერასი, ტეის როტენი, ოლივიერ შასტელი, ანდრიუს კუბილიუსი, კარენ მელქიორი, მირიამ ლექსმანი, რასა იუკნევიჩიენე, მაიკლ გალერი და სხვები.
ევრპარლამენტარების მიმართვას „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, წერილზე ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შეეძლოთ, ეს მოსაზრებები ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაეფიქსირებინათ.
„არ ვიცი, რა დარჩათ სათქმელი რეზოლუციის მიღმა, თუმცა ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ეს ევროპარლამენტარები აქ რამენაირად დაეხმარონ ისევ და ისევ საპროტესტო მუხტს და შექმნან დამატებითი, ახალი ამბავი საქართველოში“, - თქვა ბოჭორიშვილმა.
„ქართული ოცნება“ რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვასა და მიღებას მომდევნო კვირაში აპირებს. ჯოზეფ ბორელმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და მისი მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე.
