საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული 31 წლის ვუსალ კაიბოვი ოპოზიციური კოალიციის, „ძლიერი საქართველოს“ წევრია. კოალიციის წარმომადგენლები დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„გუშინ, იორმუღანლოში დაიჭირეს ჩვენი მხარდამჭერი და აქტიური წევრი ჩვენი რეგიონალური ლიდერის, აგილ მუსტაფაევის ვიზიტის პარალელურად, მხოლოდ იმის გამო, რომ შეკრებაში მონაწილეობდა. ცხადია, რომ არსებობს ერთადერთი პოლიტიკური ნიშანი. მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა და ვითომ, რაღაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ამოღებული იქნა გაურკვეველი იარაღი, რომელთანაც იმ სახლში მცხოვრებ ადამიანებს შეხება არ ჰქონიათ. ეს არის პოლიტიკური დევნის გამოხატულება იმ ხალხისგან, ვისაც ხელისუფლების დაკარგვის ეშინია“, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს, რის შედეგადაც 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 59 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ვუსალ კაიბოვის ძმამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პოლიციელებმა ორი თოფი, რომელთაგან ერთი „არ მუშაობდა“, სახლის სახურავიდან ჩამოიტანეს.
„პაპაჩემის იქნებოდა, მისი აშენებული სახლია. 36 წლის ვარ და იმ სახურავზე არ ავსულვარ. ალბათ, პაპაჩემის დატოვებულია, ის კი 2011 წელს დაიღუპა“, - დაკავებულის ძმამ აღნიშნა, რომ პოლიციელებს მისთვის არ უთქვამთ, საიდან ჰქონდათ იარაღის შესახებ ინფორმაცია.
„ძლიერი საქართველოს“ წევრის, გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, ვუსალ კაიბოვი მათ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ხალხს კოალიციის საარჩევნო კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებდა. „როგორც კი ხელისუფლებამ იგრძნო, რომ იმ რეგიონებშიც კი, რომლებიც მას საარჩევნო ბეღელად წარმოუდგენია და ხალხს არ უყურებს როგორც სრულფასოვან მოქალაქეებს, ძლიერი ალტერნატივა უჩნდება, ფაქტობრივად მეორე დღესვე ჩაატარა ეს სპეცოპერაცია“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
