რუსული კანონის წინააღმდეგ აქციები საქართველოს პარლამენტთან დღეს, 30 აპრილსაც გაიმართება. პირველი აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი. სწორედ ამ დროს დაიწყება პლენარული სხდომა, სადაც „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებას აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
კიდევ ერთი აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ 19:00 საათზე დაიწყება. გარდა ამისა, 18:00 საათზე დაგეგმილია მარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით გუშინ, 29 აპრილს განიხილა და მხარი დაუჭირა.
„ქართული ოცნება“ აპირებს ხელახლა ინიცირებული რუსული კანონი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე სამივე მოსმენით მიიღოს. მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ეს იყო.
2024 წლის 3 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედიას და არასამთავრობოებს, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ.
17 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ კანონი 83 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო. იმავე დღეს განცხადება გაავრცელეს ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირის გზაზე საქართველოს პროგრესზე. მათი თქმით, კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს.
რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკომისიიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ 1-ელ და მე-9 რეკომენდაციებს, რომელთა მიხედვითაც, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება უზრუნველყოს და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.
