საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის აღსრულების მიზნით შექმნილი ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე 32 წლის სანდრო კირვალიძე დაინიშნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 4 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 5 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 6 არასამთავრობოები: არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანებით, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ივლისის ბოლოს შეიქმნა. ახალი უწყების სტრუქტურული ერთეულებია რეგისტრაციის და დეკლარირების მონიტორინგის სამსახურები. რეგისტრაციის სამსახურს 28 წლის თინათინ ღუღუნიშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო დეკლარირების მონიტორინგის სამსახურის - 34 წლის ირაკლი კერვალიშვილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანდრო კირვალიძე სამართალმცოდნეობის მაგისტრია, განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული და იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში 2015 წლიდან მუშაობს. 2015-2017 წლებში ის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურე იყო, 2017-2020 წლებში - სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის სპეციალისტი, 2020-2021 წლებში - რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრატორი, ხოლო 2021 წლიდან 2024 წლის 1-ელ აგვისტომდე - იმავე დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი. სანდრო კირვალძე ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობს.
იურისტები არიან თინათინ ღუღუნიშვილი და ირაკლი კერვალიშვილიც. ღუღუნეიშვილი 2018 წლის ბოლოდან 2024 წლის აგვისტომდე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტში ჯერ ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის, შემდეგ კი სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის იურისტად მუშაობდა. რაც შეეხება კერვალიშვილს, მან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მუშაობა 2013 წელს სტაჟიორად დაიწყო და ბოლო წლებში მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის მაისიდან ის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინოვაციების და ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი იყო, ხოლო 2024 წლის მაისიდან - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი.
28 მაისს, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელებად“ აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტია.
ორგანიზაციებმა ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წერილობითი განცხადებით აგვისტოს ბოლომდე უნდა მიმართონ. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას. კანონი იუსტიციის სმაინისტროს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის დამატებით ითვალისწინებს ორგანიზაციების 10 000 და 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო კანონის მოქმედებას არ შეაჩრებს, სანქციების ნაწილი 3 სექტემბრიდან ამოქმედდება.
