რუსეთმა გიორგი ბარამიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

რუსეთის მიერ ოკუპირებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ბარამიძე დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „უკრაინის მხარეს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობისთვის“.

რუსული მხარის განცხადებით, 2022 წლის თებერვალში, გიორგი ბარამიძე დაქირავებული მეომრის სტატუსით ჩავიდა უკრაინაში, სადაც ის „საქართველოს ეროვნულ ლეგიონს“ შეუერთდა.

„სასწავლო ბაზებზე მან გაიარა სამხედრო მომზადება, რომელიც მიზნად ისახავდა საბრძოლო იარაღის გამოყენების უნარების შეძენას, შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისთვის აუცილებელი სტრატეგიის, ტაქტიკისა და საბრძოლო ტექნიკის შესწავლას. 2022 წლის აპრილამდე მონაწილეობდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წევრების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში. ამისათვის მან 238 000 რუბლზე მეტი მიიღო“, - აცხადებს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი.

რუსეთმა გიორგი ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ანალოგიური ბრალდებით, რუსეთმა 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა კიდევ ერთ ქართველ ოპოზიციონერს, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალექსანდრე ელისაშვილს. ამჟამად, ელისაშვილი ქართულ ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. „ქართული ოცნების“ პროკურატურა მას თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. პოლიტიკოსი ბრალს არ აღიარებს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.