კახეთში, სასტუმრო-კომპლექს „ყვარლის ტბის“ შესასვლელთან მობილიზებულმა პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით სულ მცირე 16 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენის, ალექსანდრ ვინოკუროვის ძმის ქორწილის გამართვას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
როგორც აქტივისტმა, გიორგი მუმლაძემ განაცხადა, დაკავებულთა შორის არიან ნიკა ნარსია, ლაშა ხუსკივაძე, დიმიტრი ჩიქოვანი, ტიტე გედენიძე და შუშანა მაცაბერიძე. მათ, სავარაუდოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
„ჩვენ აქ ვრჩებით. მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ, რომ შევძლოთ მათი ზეიმის ჩაშლა, რომელიც ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა მუმლაძემ მედიასთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ყვარლის ტბასთან“ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და პოლიციის სხვა დანაყოფების განსაკუთრებული მობილიზაციაა. პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, მოახერხა სასტუმროს შენობის შესასვლელთან მისვლა. მას პოლიციის ხელმძღვანელი პირები დაეწივნენ და კომპლექსის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე. რამდენჯერმე მოხდა შელაპარაკება მელიასა და პოლიციის ხელმძღვანელებს შორის, რა დროსაც პოლიციის მაღალჩინოსანმა გიორგი კლიმიაშვილმა მელიას პოლიტიკური გვამი უწოდა.
ინფორმაცია, რომ „ყვარლის ტბაზე“ დღეს ქორწილს სერგეი ლავროვის სიძის ძმა, მოშე ვინოკუროვი იხდის, მედიაში გუშინ საღამოს გავრცელდა. „მთავარი არხის“ ცნობით, კახეთში ლავროვის შვილი - ეკატერინა ვინოკუროვა [ლავროვა] და სიძე, ალექსანდრ ვინოკუროვიც იმყოფებიან. ორივე მათგანი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ არის სანქცირებული.
სასტუმრო-კომპლექსის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „ყვარლის ტბაზე“ ლავროვის შვილის სტუმრობა სიმართლე არ არის. მათი თქმით, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.
საქართველოს არცერთ ოფიციალურ უწყებას ამ საკითხზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
