ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. საქმე ეხება საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
„დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ, ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!“, - დაწერა Facebook-ზე ხაზარაძემ, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამოკითხვაზე 6 ნოემბერს, 13:00 საათზეა დაბარებული. უცნობია, მივა თუ არა ის საგამოძიებო უწყებაში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 ოქტომბერს განაცხადეს, რომ პრეზიდენტის და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო, რაც „საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“. მეორე დღესვე პროკურატურამ არჩევნების გაყალბების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და პირველი, ვინც გამოკითხვაზე დაიბარა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. ზურაბიშვილმა პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და საგამოძიებო უწყებას მოუწოდა, „პრეზიდენტთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მოეშვას“.
პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილიც. მისის თქმით, აღნიშნული გამოძიება „ყალბია“ და მისი ერთადერთი მიზანია, დაადგინოს, თითქოს, არჩევნები არ გაყალბებულა. შესაბამისად, მეზვრიშვილი საგამოძიებო ორგანოში მისვლას არ აპირებს. იგივე გადაწყვეტილება აქვს მიღებული სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციის, „ჩემი ხმის“ სპიკერს, ლონდა თოლორაიას.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“ და საქართველო „რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი“ გახდა.
