პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე საუბრისას თავს დაესხა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისინი უსაფუძვლოდ დაადანაშაულა შუღლის გაღვივებაში, დესტრუქციულ, პროვოკაციულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლებში სახელმწიფო ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის მიღება უკიდურესად გართულდა და უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია, პრემიერ-მინისტრი მაინც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამჭვირვალობის მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, არასამთავრობოების საქმიანობა კი „დიდი ბუნდოვანებით“ არის მოცული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 „რა იყო ამ კანონპროექტის განხილვის და შემდეგ ამ კანონის მიღების მთავარი მიზანი. მე დეტალებში არ შევალ, ჩვენმა კანონმდებლებმა ძალიან კარგად განმარტეს ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც შინაარსი, დეტალები, რას ემსახურებოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა:

იცით, რომ რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი „ენჯეო“ იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული - ასე ვიტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას და მიღებული ფინანსებით მათი ქმედებები, მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე. მეორე მხრივ, ყოველდღიურად ეს არასამთავრობოები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც თავისთავად კარგია და ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ხელისუფლებად ითვლება მსოფლიოში და მოწინავე დემოკრატიებს შორის, თუნდაც იგივე, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ ვართ პირველი მსოფლიოში.

ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა და რას ვგულიხმობ - მე აღვნიშნე, რომ ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, ასეულობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა ხელახლა. გაუმჭვირვალეა მათი მიზნები, მათი აქტივობა, ჩვენ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს და ჩვენ ვითხოვდით მინიმალური გამჭვირვალობის დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე. მინდა, გითხრათ რამდენიმე მაგალითი.

მე მქონდა საუბარი ჩვენს რამდენიმე უცხოელ პატრნიორთან, მეგობართან და მათ მკითხეს, რომელი არასამთავრობოს საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვთ, ან რომლის საქმიანობა იწვევს კითხვებს? რამდენიმეს ჩამოვთვლი - მაგალითად, ცნობილი თავისი დესტრუქციული ქმედებებით და პროვოკაციებით, ე.წ. „სირცხვილიას“ მოძრაობა, რომელიც პირდაპირ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან ფინანსდება, მათ შორის, უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია შემდეგ აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიან ბევრი დესტრუქციული ქმედება იქნა განხორციელებული მათ მიერ ან მათი თანამონაწილეობით.

ჩვენ ვიცით პროვოკაციული მოძრაობა „თბილისი პრაიდი“, რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძიებების ჩატარებას, ე.წ. პარადების ჩატარებას. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ მათ დესტრუქციულ საქმიანობას.

ორგანიზაცია EMC [„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“], მაგალითად, ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენად დესტრუქციული საქმიანობით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია. ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას, ძალიან ბევრ პროვოკაციაში არიან ჩართული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ძალიან ბევრი ორგანიზაცია, იგივე ISFED [სამართლიანი არჩევნები], რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაცემები წარმოადგინა - არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში პარალელური დათვლის შედეგები იყო გაყალბებული, რაც შემდეგ აღიარეს. ჩვენი ამოცანაა, ვიცოდეთ და იცოდეს ჩვენმა ხალხმა, თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა. ეს იყო მთავარი მოტივაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ კოორდინირებული ქმედებები გამოიკვეთა: „თავიდანვე დაარქვეს რუსული კანონი. რა თქმა უნდა, კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი. იცით, როგორი მგრძნობიარენი ვართ ჩვენ ყველანი მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან, რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა, განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები ჩვენი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა“.

ინტერვიუში პრემიერმა რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება ასოციაცია „ფრანკლინის კლუბზე“, რომელიც მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. პრემიერ-მინისტრმა კლუბის წევრებს ანარქისტები უწოდა და აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ გამართულ აქციებზე ახალგაზრდებს „სატანისტების ფორმები“ ეცვათ.

„ნურავის ექნება ილუზია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე [საპროტესტო აქციების დროს] იდგნენ... და სათითაოდ ვიცით, ვინ ვინ არის.

ესენი ყველანი იყვნენ დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აბსოლუტურად ყველა, ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, იქნებოდა ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, ვაშაძის პარტია და სხვები. ასევე, ერთ-ერთი საინტერესო, გამოიკვეთა უკვე მათი მონაწილეობა.

ე.წ. „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები, რომლებიც წამლავენ, პირდაპირ მინდა გითხრათ და ამის თაობაზე... მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო ან მეორე მხრივ, გამოძიებას ხელი შევუშალო, მაგრამ ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი, ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის, მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს ამ ე.წ. „ფრანკლინის კლუბში“.

რა ხდება „ფრანკლინის კლუბში“ და სად არსებობს აღნიშნული კლუბი: ეს კლუბი შექმნილია სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტში შექმნილია ერთგვარი ანკლავი, ძალიან ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა, მათი ტვინის გამორეცხვა.

დადასტურებული ინფორმაცია მინდა გავუზიარო ჩვენს ხალხს - განსაკუთრებით ეს „ფრანკლინის კლუბის“ ახალგაზრდები და დატრენინგებული, დესტრუქციული ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად. მათ პირდაპირ ჰქონდათ დავალება მიცემული, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მათი პროვოცირება მოეხდინათ. საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები „მშვიდობიან აქციაზე“?

აქ ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, რომ იტყვიან წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. თქვენ ნახეთ კადრები - 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? უმკაცრესად იქნება დასჯილი ყველა ეს ადამიანი.

ვინ დაიწყო ძალადობა? ძალადობა დაიწყო „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ე.წ. „გირჩის“, ჯაფარიძე პროვოკატორის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე და გაოგნებული დარჩი, რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ. შემაშფოთებელია რაც აქ ხდება, უბრალოდ რა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, 78 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ კი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლით და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა რუსულ კანონზე უარი ეთქვა და 10 მარტს, მეორე მოსმენაზე ჩააგდო.

 

 

ამ თემაზე:

ლავროვის თქმით, აგენტების შესახებ კანონი საბაბი იყო საქართველოს მთავრობის შესაცვლელად

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).