„შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ. როცა გავიგეთ, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და იქ ახალი საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო, დავუკავშირდი და ვუთხარი [გახარიას], რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. შეიძლება ამას ესკალაცია მოჰყოლოდა. გადავრჩით. ასობით ჰექტარი ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა იმ ხალხმა - ეს იყო ყველაზე პატარა საფრთხე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. შეიძლება საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით“ - განაცხადა შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
პროკურატურის მიერ 14 ივნისს გავრცელებული განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება“, - პროკურატურის განმარტებით, სწორედ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით გამოკითხეს მოწმის სახით ვახტანგ გომელაური, რომელიც 2019 წლის აგვისტოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.
„ასე არ ხდებოდა, რომ რაღაც საფრთხე გაიგო შინაგან საქმეთა მინისტრმა და წავედი ახლა მე, იქ საგუშაგო უნდა ჩავდგა. ასეთი რამ დაუშვებელია. ამას შეიძლება მართლა დიდი უბედურება მოჰყვეს. გაგვიკეთებია ჩვენ მოძრავი საპატრულო ჯგუფები, შეგვითანხმებია, დაგვიმატებია. საგუშაგო კი არ ჩაგვიდგია, არამედ მიგვიწევია საპატრულო მანქანები, სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც იქ მოძრაობდნენ ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ვფიქრობ, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაედგა, თუმცა გიორგი გახარია იქნებოდა, ვახტანგ გომელაური თუ ვინ, ეს უნდა შეეთანხმებინა უსაფრთხოების სამსახურთან. შემდეგ ერთობლივი ინფორმაცია, დამუშავებული უნდა წასულიყო პრემიერ-მინისტრთან. მერე უნდა დაგვებარებინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გვეთქვა, ან თქვენ დაარეგულირეთ, ან ჩვენ ეს უნდა შევიყვანოთ. ეს არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ შეუთანხმებია და თუ სხვაგან შეათანხმა, ყველა თავისას იტყვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე თქმით, ის საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი იყო. „წინააღმდეგი ვიყავით, არამარტო მე, არამედ მთელი სამსახური. ოთხოზორიას თემაც გვახსოვს, ლამის დაიძაბა და დიდი უბედურება მოხდა. ეს ადამიანი დაიღუპა და ამას, შემდეგ, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი რამე მოჰყოლოდა, ხალხის დახოცვა.

ჩვენი გამოცდილებით სხვა რამ ვურჩიეთ, მაგრამ გახარიამ გვიპასუხა, რომ - „საფრთხეებია დიდი და უნდა გავაკეთოთ“.
კარგით მიხედეთ-თქო, თქვენი საქმის თქვენ იცით, ხელმძღვანელობაა, პრემიერია, სუს-ის ხელმძღვანელი ქვეყნის მმართველი ხომ არ არის?! ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა.
ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგუშაგო 2019 წლის აგვისტოს ბოლოს მოაწყო. რამდენიმე დღეში ბიძინა ივანიშვილმა გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. მისი პრემიერ-მინისტრობისას თეა წულუკიანი ვიცე-პრემიერი იყო. ახლა ის „ქართული ოცნების“ პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს, სადაც 14 აპრილს გახარია დაიბარეს და კითხვები ჩორჩანის საგუშაგოსთან დაკავშირებითაც დაუსვეს.
„მთავარი მიზანი იყო გამოგონილი რუკის საფუძველზე ჩორჩანის 1800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსგან. ეს იყო მთავარი მიზანი. მთავარი შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, საოკუპაციო ხაზი რუკაზეც და მიწაზეც არის ზუსტად იქ, სადაც იყო“, - განაცხადა გახარიამ.
გახარიას განცხადების საპასუხოდ წულუკიანმა თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი. „საგუშაგოებიც არის და ხაზიც არის შეცვლილი კილომეტრნახევრით, იმის პასუხად, რაც თქვენ სიურპრიზად გააკეთეთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით. სუსმა მერე აიცილა საფრთხე, რომ იქ ცეცხლი არ გაეხსნა ვიღაცას და ეს თქვენი დაყენებული საგუშაგო არ დაეცხრილა“, - უპასუხა წულუკიანმა გახარიას.
„მაგარი სუსი გვყოლია, ოსებმა თუ შეატყობინეს. გაქანებული მუშაობა მიდიოდა - ოთხი სამინისტრო მუშაობდა იქ. გზის გაყვანა და საგუშაგოს აშენება შეთანხმებული იყო სუსის მაშინდელ უფროსთანაც [ვახტანგ გომელაური], პრემიერ-მინისტრთანაც, ყველა საჭირო უწყებასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ხოლო პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავისი ტექნიკით - ყველამ ყველაფერი იცოდა“, - აღნიშნა გახარიამ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ჩორჩანასთან განთავსებული საგუშაგოს გაუქმებას ახლაც დაჟინებით ითხოვენ.
