ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო გზაგასაყარზე დგას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.
საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს.
ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ევროპულმა საბჭომ ეს მისწრაფებები აღიარა, დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
მეორე დღეა, ხელისუფლება არბევს მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან აქციებს მართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლსა და მხუთავ აირს იყენებს. დღეს სპეცრაზმმა დემონსტრანტებს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც ესროლა. აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდები, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები არიან.
პარლამენტმა მასშტაბური საპროტესტო აქციების გამომწვევი რუსული კანონი პირველ მაისს, 83 ხმით, 23-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, რა დროსაც განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წასვლას და რუსულ კანონზე უარის თქმას არ აპირებს.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და 83-მა დეპუტატმა გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს, არ გაითვალისწინეს საერთაშორიო პარტნიორების გაფრთხილება, რომ კანონის მხარდაჭერის შემთხვევაში, ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი.
