პოლონეთში რუსი მხატვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოს პასპორტი აქვს

პოლონეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ცნობილი რუსი მხატვრისა და აქციონისტის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოს პასპორტს იყენებს. დაკავების შესახებ ინფორმაცია პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დაადასტურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ბიალა-პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლუბლინის პოლიციამ და პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ დააკავეს. ის საქართველოს პასპორტით სარგებლობს. სამსახურები მუშაობენ დამკვეთის დადგენაზე“, - დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში.

44 წლის სემიონ სკრეპეცკი (ნამდვილი სახელი რობერტ კუზოვკოვი) 15 ივნისს, პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოკლეს. პოლონური მედია მომხდარს „პოლიტიკური სიკვდილით დასჯას“ უწოდებს.

გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა სკრეპეცკის ახლო მანძილიდან ზურგში ხუთჯერ ესროლა. პირველმა ორმა გასროლამ მსხვერპლი წააქცია, რის შემდეგაც კიდევ სამი ტყვია ესროლეს.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია 9 მმ-იანი კალიბრის Luger GEC-ის ხუთი მასრა. დამოუკიდებელი ანალიტიკოსების ყურადღებას სწორედ იარაღის კალიბრი იქცევს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ სხვა გახმაურებულ მკვლელობებშიც ფიგურირებს.

მსგავსი კალიბრის ტყვიებით მოკლეს 2019 წელს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილი და 2024 წელს ესპანეთში რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი.

სკრეპეცკი ცნობილი იყო ვლადიმირ პუტინის, რამზან კადიროვისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მწვავე სატირული კარიკატურებით, რის გამოც პოლიტიკური დევნის შიშით 2021 წელს რუსეთი დატოვა და თავი პოლონეთს შეაფარა.

მკვლელობამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე, 12 ივნისს, მხატვარმა ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან პერფორმანსი გამართა, რის შემდეგაც უცნობი პირებისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ მას ღიად ემუქრებოდნენ ჩეჩნები კადიროვის კარიკატურების გამო და მოითხოვდნენ მათ წაშლას.

საქართველოს პასპორტის მქონე პირის დაკავებამდე, გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ბელარუსის ორი მოქალაქე, 33 და 37 წლის მამაკაცები დააკავა. არაოფიციალური ცნობებით, ერთ-ერთი მათგანი ტაქსის მძღოლი იყო, რომელმაც სავარაუდო დამნაშავეები ბიალა-პოდლიასკაში ვარშავიდან ჩაიყვანა. თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ ისინი უშუალოდ დანაშაულში არ მონაწილეობდნენ და მოწმის სტატუსით დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

მკვლელობის ოფიციალური მოტივი ჯერ უცნობია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.