15 ივნისს პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში 44 წლის რუსი მხატვარი და „აქციონისტი“ სემიონ სკრეპეცკი (ნამდვილი სახელი რობერტ კუზოვკოვი) მოკლეს. დანაშაული ბელარუსის საზღვრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში, ერთ-ერთ ავტოსადგომზე მოხდა. პოლონური მედია მომხდარს „პოლიტიკური სიკვდილით დასჯას“ უწოდებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 4 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
გამოძიების ინფორმაციით, თავდამსხმელმა მხატვარს ახლო მანძილიდან ხუთჯერ ესროლა ზურგში. პროკურატურის ცნობით, პირველმა ორმა გასროლამ მსხვერპლი წააქცია, რის შემდეგაც მკვლელმა კიდევ სამჯერ ესროლა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია 9 მმ-იანი კალიბრის Luger GEC-ის ხუთი მასრა.
მიუხედავად იმისა, რომ 9 მმ-იანი Luger მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საბრძოლო მასალაა, ანალიტიკოსები და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „აგენტსტვო“ ყურადღებას ამახვილებენ იარაღის კალიბრზე, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ სხვა გახმაურებულ მკვლელობებშიც ფიგურირებს:
2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქე ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისას რუსმა აგენტმა ვადიმ კრასიკოვმა სწორედ ამ კალიბრის ტყვიები გამოიყენა.
2024 წელს ესპანეთში რუსი პილოტის მაქსიმ კუზმინოვის მკვლელობისას, რომელმაც სამხედრო ვერტმფრენი უკრაინაში გადაიყვანა, მკვლელებმა მაკაროვის პისტოლეტი და 9 მმ-იანი ტყვიები გამოიყენეს.
მხატვარი სემიონ სკრეპეცკი ცნობილი იყო მწვავე და პროვოკაციული სატირული კარიკატურებით. ის მუდმივად აკრიტიკებდა არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინს, რამზან კადიროვს და ალექსანდრ ლუკაშენკოს, არამედ რუსულ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლებასაც. პოლიტიკური დევნის შიშით, მან რუსეთი 2021 წელს დატოვა და თავი პოლონეთს შეაფარა, სადაც ის ცოლთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობდა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის მთავრობა სკრეპეცკის დაცვას სთავაზობდა, რაზეც მან უარი თქვა.
მკვლელობამდე სულ რაღაც სამი დღით ადრე, 12 ივნისს, სკრეპეცკიმ ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან პოლიტიკური პერფორმანსი გამართა. მან მიიტანა ნახატი, სადაც პუტინი სტალინს ეჭირა ხელში. თავად მხატვარს ეცვა ორდენებიანი კიტელი, ლაპტები, უშანკა, ხოლო შარვლის უკანა მხარეს ამოჭრილი ხვრელიდან რუსეთის დროშა ჰქონდა ამოჩრილი. ამ აქციის შემდეგ მან ტელეგრამზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომლებსაც უცნობი პირებისგან იღებდა.
იმავე პერიოდში მხატვარი აცხადებდა, რომ ჩეჩნებმა მისი მისამართი გაიგეს და ორი დღე მისცეს კადიროვის კარიკატურების წასაშლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩევდნენ „ვაზელინი მოემზადებინა“. სკრეპეცკი ხშირად ხატავდა კადიროვისა და მისი შვილის, ადამის კარიკატურებს, მაგალითად, გამოსახავდა მათ ღორების სახით ან ცხოველებთან სექსუალურ კავშირში. ცნობილია, რომ კადიროვის რეჟიმი აქტიურად და სასტიკად უსწორდება კრიტიკოსებს საზღვარგარეთ.

ვინაიდან სკრეპეცკის კარიკატურები ხშირად უკრაინელებსაც ეხებოდა, ის უკრაინული ორგანიზაცია „მიროტვორეცის“ ბაზაში იყო შეყვანილი, სადაც მისი საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა გასაჯაროვდა. მხატვარი ასევე ღიად საუბრობდა ჩეჩნური მხარისგან მიღებულ მუქარებზე, რომლებიც უკავშირდებოდა რამზან კადიროვის კარიკატურებს.
ამ ეტაპზე პოლონეთის სამართალდამცავებმა ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ბელარუსის გენერალური საკონსულოს ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდა და სავარაუდოდ, ტაქსის მძღოლია, რომელმაც მკვლელობაში მონაწილე პირები ვარშავიდან ჩაიყვანა.
მკვლელობის უშუალო შემსრულებელი ამ დრომდე თავისუფალია, სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის ოფიციალური მოტივი ჯერ არ დაუსახელებიათ.
