ევროკავშირის ყოფილი პირველი დიპლომატი ფედერიკა მოგერინი ბელგიაში დააკავეს

მედიის ინფორმაციით, იტალიელი პოლიტიკოსი, ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი დაკავებულია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საქმე ეხება სავარაუდო თაღლითობას, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს უკავშირდება. გამოძიების ფარგლებში, 2 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ბრიუსელში მდებარე შტაბ-ბინასა და ბელგიის ქალაქ ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯში, სადაც მოგერინი რექტორის თანამდებობას იკავებს, ასევე რამდენიმე ეჭვმიტანილის სახლში.

ევროპის პროკურატურამ (EPPO) განაცხადა, რომ გამოძიების საგანია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის პროექტი - ცხრათვიანი სასწავლო პროგრამა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მომავალი დიპლომატებისთვის - რომელიც ევროპის კოლეჯმა 2021-2022 წლებში განახორციელა, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ტენდერში გამარჯვების შემდეგ.

პროკურატურის განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტენდერის დროს დაირღვა სამართლიანი კონკურენციის შესახებ რეგულაცია და მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატს გადაეცა.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ საქმეს იძიებენ „კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტისა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევის“ მუხლით.

საქმესთან დაკავშირებით სულ სამი ეჭვმიტანილია დაკავებული. ბელგიის ხელისუფლებამ მათი ვინაობა ოფიციალურად არ გაასაჯაროვა. მედიის ცნობით, მოგერინის გარდა, დაკავებულია სტეფანო სანინო, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი და იტალიელი დიპლომატი. ის ამჟამად ევროკომისიის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დირექტორატის ხელმძღვანელი და ევროპის კოლეჯის საბჭოს წევრია. მესამე ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია.

„ყველა პირი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მათი დანაშაული ბელგიის კომპეტენტური სასამართლოების მიერ არ დამტკიცდება“, - ნათქვამია ევროპის პროკურატურის განცხადებაში.

ფედერიკა მოგერინი 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ნოემბრამდე იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. ამ თანამდებობას ამჟამად კაია კალასი იკავებს. მოგერინი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის კოლეჯის რექტორი 2020 წლის სექტემბერში გახდა, რასაც თან ახლდა კრიტიკა, რომ მას ამ თანამდებობისთვის აკადემიური კვალიფიკაცია არ ჰქონდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.