შიმშილობის 30-ე დღეს შუქრუთელი გიორგი ბიწაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. გიორგი ბიწაძე ერთ-ერთია, ვინც პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. 11 სექტემბრიდან, თანასოფლელებთან ერთად ის თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
გუშინ, 29 სექტემბერს, შიმშილობა ქალებმაც გამოაცხადეს. მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზარალებული შუქრუთელები ითხოვენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მათთვის მიყენებული ზიანი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეაფასებინოს და სამართლიანი კომპენსაცია გადაუხადოს.
პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს პოლიცია კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს, მათ შორის მაშინაც, როცა წვიმს. ორ კვირაზე მეტია, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითავლისწინებს არც სახალხო დამცველის მიმართვას, სადაც ნათქვამია, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ამ შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.
ვიდრე ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლებდნენ, შუქრუთელები კოროხნალის და შუქრუთის მაღაროებთან ექვსი თვის განმავლობაში უწყვეტ პროტესტს გამოხატავდნენ. ორივე მაღაროს მუშაობა გაჩერებულია. მაღაროელების ნაწილმა დაზარალებულ შუქრუთელებს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ჯორჯიან მანგანეზის“ მესაკუთრე (100%-ის მფლობელი) „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“. ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტს უკრაინელი მილიარდერი იგორ კალომოისკი ფლობს, დაახლოებით 4% კი აქციონერთა ქართულ ჯგუფს ეკუთვნის, მმართველ პარტიასთან დაახლოებულ გიორგი კაპანაძეს (იგივე „რიჟა“). 2017 წლიდან სახელმწიფოს „ჯორჯიან მანგანეზში“ ოფიციალურად სპეციალური მმართველი ჰყავს დანიშნული იმ მიზეზით, რომ კომპანიის საქმიანობამ ჭიათურაში ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაცია შექმნა და გამოუსწორებელი ზიანი თავიდან უნდა აეცილებინათ. სინამდვილეში, ვითარება გაუარესდა, ღია კარიერული წესით მადნის მოპოვება საგანგაშოდ გაიზარდა და ჭიათურა უბედურების ზონად იქცა.
