საქართველოს მმართველი პარტიის მიერ დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შემზღუდავი რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, - დაწერა დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ში.

მანამდე მილერმა ამ ამ თემაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა და 2023 წლის მარტში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, „გასულ წელს ათობით ათასი ქართველი გამოვიდა ქუჩებში იმისთვის, რომ ნათელი გაეხადათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვათ ამ კანონის მიღების მცდელობაზე“.

რუსული კანონის მიღების გეგმას აკრიტიკებენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება „რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მთელ ძალისხმევას“. სტოლტენბერგი შიშობს, რომ „კანონის, რომელმაც შემოიტანა ეს იდეა უცხოური აგენტის შესახებ“ რეალურად გავლენა ექნება როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში მოქმედზე ბევრ მედიასაშუალებაზე.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ ხელისუფლებას შეახსენა 1-ელი და მე-9 რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც,  ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები. მათი ნაწილი ყურადღებას მოახლოებულ არჩევნებზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა.

„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ.

დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ანალოგიური კანონმდებლობა რუსეთში 2013 წელს მიიღეს და მისი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ იმ ადამიანებისა ან ორგანიზაციების ჩახშობაა, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას აკრიტიკებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).