ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური აგენტების“ ან „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. სტოლტენბერგი შიშობს, რომ კანონს, რეალურად, გავლენა ექნება მედიაზე და ის ძირს გამოუთხრის დემოკრატიას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სტოლტენბერგს ამ საკითხზე შეკითხვა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, ქეთევან ქარდავამ 4 აპრილს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვა:

„შეკითხვა ეხება საქართველოს და პარლამენტში ხელახლა წარდგენილ კანონპროექტს გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ. მმართველი პარტიის წევრებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი გამჭვირვალობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებაზეა. შეგიძლიათ მეტი გვითხრათ და აგვიხსნათ, რატომ არის ნატოში შეშფოთების საგანი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციებმა თავიანთი ფინანსური ანგარიშები ყოველწლიურად უნდა წარადგინონ?“, - ასე ჩამოაყალიბა ჟურნალისტმა შეკითხვა, რაზეც ნატოს გენმდივანმა უპასუხა:

„მე ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის ნებისმიერ მცდელობას, ხელახლა წარმოადგინოს კანონპროექტი უცხოური აგენტების ან უცხოური გავლენის შესახებ, რადგან ეს რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მთელ ძალისხმევას.

საქართველომ უნდა იმუშაოს რეფორმებზე ნატოსთან და ევროკავშირთან დასაახლოებლად. შესაბამისად, ევროკავშირიც ძალიან მკაფიო იყო ამასთან დაკავშირებით. თბილისში, სულ რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და ჩემი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი შეეხებოდა რეფორმების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას. ქართველმა ხალხმა ასევე ცხადყო, რომ სურთ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში.

ასე რომ, ნებისმიერი კანონი, რომელმაც შემოიტანა ეს იდეა უცხოური აგენტის შესახებ - რომელსაც ასევე ვშიშობ, რომ რეალურად გავლენა ექნება ბევრ მედიასაშუალებაზე,  როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში მოქმედზე - ძირს უთხრის მთელ იდეას, საქართველო გახდეს უფრო ძლიერი დემოკრატიული საზოგადოება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

„ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის დაბრუნება გააკრიტიკა ევროკავშირმაც. საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ ხელისუფლებას შეახსენა 1-ელი და მე-9 რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც,  გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ფუნქციონირება და ებრძოლოს დეზინფორმაციას ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნება“ აპირებს, პარლამენტმა მიმდინარე სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსული კანონი, რომელზეც უარი 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო ზეწოლის გამო თქვა. კანონპროექტის ტექსტი იგივე იქნება, მხოლოდ „უცხოური გავლენის აგენტი“ შეიცვლება ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელზე დიდი პროტესტის შემთხვევაშიც კი, კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ.

დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ კანონპროექტს აღარ მიუბრუნდებოდნენ და ეს საკითხი დახურული იყო. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას მხარს უჭერს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

ანალოგიური კანონმდებლობა რუსეთში 2013 წელს მიიღეს და მისი მიზანი არა გამჭვირვალობა, არამედ იმ ადამიანებისა ან ორგანიზაციების ჩახშობაა, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას აკრიტიკებენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).