პაპუაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე ვალტონენმა საქართველოს კანონმდებლობა დაარღვია

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აქციაზე ეუთოს თავმჯდომარისა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის მისვლას გამოეხმაურა. პაპუაშვილი წერს, რომ გზის გადაკეტვით ვალტონენმა და „რამდენიმე ათეულმა რადიკალმა“ საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„რომ იცოდეთ, ქუჩა, სადაც ეუთოს თავმჯდომარე (რომელიც, ასევე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია) დგას, არის დედაქალაქის მთავარი გამზირი. თქვენ ხედავთ რამდენიმე ათეული რადიკალი – რომლებიც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ და 25 პოლიციელს დაზიანება მიაყენეს, მათ შორის ორს - მძიმე – კანონის დარღვევით გზას კეტავს“, – წერს შალვა პაპუაშვილი პლატფორმა X-ზე და ელინა ვალტონენის მიერ რუსთაველის გამზირიდან გამოქვეყნებულ ვიდეოს აზიარებს.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა, ეუთოს სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყნის მსგავსად, ნებისმიერ ადგილას შეკრების უფლების გარანტიას იძლევა, ხოლო გზის გადაკეტვა მხოლოდ მაშინ არის დაშვებული, როდესაც სამანქანო გზის მიმდებარე ტერიტორია ადამიანების დიდ რაოდენობას ვეღარ იტევს.

„ფინელმა მინისტრმა შესაძლოა ამის შესახებ არ იცოდეს, მაგრამ ის ვერ დაასახელებს ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ეს უფლება ბოლო 13 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაირღვა.

ასევე, მინისტრის უკან, ხედავთ პარლამენტის შენობის წინ მდებარე მოედანს, სადაც მშვიდობიანი შეკრების მიზნით, გზის გადაკეტვის გარეშე, ადამიანების იმაზე ათჯერ დიდი რაოდენობა შეიძლება შეიკრიბოს, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ადამიანი და მათ შორის თავად ფინეთის მინისტრი, რომლებიც გზას კეტავენ.

ფინელი მინისტრი და ეუთოს თავმჯდომარე სწორედ ამ ადგილას არღვევს საქართველოს კანონმდებლობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე ელინა ვალტონენს დიპლომატიური ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის დარღვევაშიც სდებს ბრალს. აღნიშნული მუხლი დიპლომატს ავალდებულებს, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და არ ჩაერიოს შიდა საქმეებში.

„ამით ის ქართველ ხალხს აჩვენებს, რომ მხარს უჭერს ძალადობრივი გადატრიალების ორგანიზატორებს და რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ცარიელი ფრაზაა“, – დასძენს პაპუაშვილი.

შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებამდე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. მიზეზად ვალტონენის მიერ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში“ მონაწილეობა და „ცრუ განცხადებების“ გაკეთება დასახელდა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ შვიდობიანი მომიტინგეები იკრიბებიან.

„ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს დროშებს - ევროკავშირის, ნატოს და, როგორც ჩანს, ფინეთის დროშებსაც - მაგრამ რაც მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი ის არის, რომ ეს ადამიანები შეშფოთებულნი არიან იმ მიმართულებით, რომელსაც ეს ქვეყანა იღებს, რაც ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს ართმევს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რათა მათ მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა ელინა ვალტონენმა.

ვალტონენი საქართველოში სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მანამდე ის ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, თბილისიდან კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.