„ქართულ ოცნებას“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) წინააღმდეგ სარჩელი უკვე მზად აქვს და შიდა მარეგულირებელ ორგანოს უახლოეს დღეებში მიმართავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, 8 იანვარს, განაცხადა. საქმე ეხება ანტისამთავრობო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც BBC-მ ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
კითხვების მიუხედავად, შალვა პაპუაშვილმა საჩივრის დეტალებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ის გასაჯაროვდება, კონკრეტულ მოთხოვნებს საზოგადოება მაშინ გაიგებს.
„მომზადებულია საჩივარი. ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა.
პროცედურაა შემდეგი: თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა - მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ - BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას.
იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს BBC იმას, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი. მარტივია რასაც ვითხოვთ. მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას ვითხოვთ“, – უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ BBC-ში „საკუთარი თავის დადანაშაულებაზე უარს იტყვიან“, არის შემდეგი ინსტრუმენტები – მარეგულირებელი კომისია და სასამართლო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც.
BBC World Service-მა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით „როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ 2025 წლის 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, იგივე სპეცრაზმის ინვენტარიზაციის სიის ასლი, სადაც ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი კრისტოფერ ჰოლსტიგი BBC-სთან ამბობს, რომ „ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“.
ჟურნალისტებისთვის UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტია. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.
„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ BBC-ის მასალაში მითითებული კოდებით - UN1710 და UN3439 - შსს-მ 2007 და 2009 წლებში ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და ტრიქლორეთილენი შეიძინა. გამოძიების ფარგლებში, შს სამინისტროდან ტრიქლორეთილენიც ამოიღეს - სუს-ის თანახმად, ჩამოწერილი ნაშთი 880 ლიტრის ოდენობით.
ხუთდღიანი გამოძიების შედეგად, როგორც სუს-მა განაცხადა, დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.
„აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ. მას არ განუმარტავს, რა ნივთიერებები იყო გამოყენებული 28 ნოემბრიდან დაწყებული პროტესტის სხვა დღეებში.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა“, რომ შსს-ს „შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. კობახიძემ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდაც მოითხოვა.
