პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი

„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინასთან დაკავშირებით ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ„ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი“. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ყველა ომი მთავრდება, საბოლოო ჯამში, მშვიდობით. საქმე ის არის, ვინ ზიანდება ამ ომისგან. ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ დღევანდელი გადმოსახედიდან, მათ შორის, ევროკავშირის წუხანდელ გადაწყვეტილებებს თუ გავითვალისწინებთ, რომ

ჯერ შეუძლიებელი თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა, უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი.

უკრაინა, რომელსაც ახლა უწევს გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე, რომელმაც ასობით ათასი საკუთარი მოქალაქე დაკარგა ამ 4 წლის განმავლობაში, დაღვარა სისხლი, დაინგრა ეკონომიკა და უწევს ტერიტორიების დაკარგვის დე ფაქტო აღიარებაზე ფიქრი; და მეორე, ევროკავშირი, რომელსაც ახლა საკუთარ მხრებზე ააწევინეს, აჰკიდეს ტვირთი უკრაინის ფინანსური დახმარებისა, უკრაინის სამხედრო დახმარების ფინანსრუი უზრუნველყოფისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

18 დეკემბერს, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, „რეპარაციის სესხით“ უკრაინის დახმარებაზე. ამის ნაცვლად ევროკავშირმა დაამტკიცა 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება საკუთარი ბიუჯეტით უზრუნველყოფილი სესხის მეშვეობით.

„ევროპული საბჭო დათანხმდა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას 2026-2027 წლებისთვის, რომელიც დაფინანსდება ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე აღებული სესხით, რაც უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის ბიუჯეტის რეზერვებით“, - ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ 18 ნოემბერს გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისას, ევროკავშირში 210 მილიარდი ევრო გაიყინა, საიდანაც 180 მილიარდ ევროზე მეტი ბელგიაში, Euroclear-ის დეპოზიტარზე ინახება.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ბარტ დე ვევერმა, რომელიც რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებოდა, განაცხადა, რომ „რეპარაციის სესხთან“ დაკავშირებით იმდენი კითხვა არსებობდა, „გეგმაზე ბ“-ზე გადასვლა გახდა საჭირო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ყველა ლიდერს მადლობა გადაუხადა სესხის გამოყოფის გადაწყვეტილებისთვის. ამავე დროს, მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რუსული აქტივები უძრავი დარჩეს და უკრაინამ მიიღოს უსაფრთხოების ფინანსური გარანტია მომდევნო წლებისთვის.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა ბრიუსელში გამართულ სამიტს „ქურდების შეკრება“ (воровской сходняк) უწოდა. მისი განცხადებით, შეკრების მონაწილეებს „შეეშინდათ“ რუსული ფულის „ღიად მოპარვის“, თუმცა „ბრიუსელის ქურდებმა უარი არ თქვეს მომავალში ძარცვის ან ქურდობის გეგმებზე“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.