„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ თანამდებობა დატოვა. სამინისტროში ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე კომენტარი არ გააკეთეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
ერეკლე ღვინიანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა. მანამდე, წლების განმავლობაში, ის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ მუშაობდა - 2012-2021 წლებში იყო კერძო აღმასრულებელი, ხოლო შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ მუშაობდა.
ანრი ოხანაშვილს ამ დროისთვის ოთხი მოადგილე ჰყავს - ლევან ხარანაული, ირაკლი ბერაია, ბექა ძამაშვილი და ნიკო თათულაშვილი.
ერეკლე ღვინიანიძე იუსტიციის სახლის კურატორიც იყო. ბოლო ორი თვის განმავლობაში იუსტიციის სახლებიდან გაათავისუფლეს ათობით თანამშრომელი, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გაემიჯნენ. გათავისუფლებულთა შორის არიან სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და რიგითი თანამშრომლები, ასევე, რუსთავისა და ბათუმის იუსტიციის სახლების მენეჯერები.
28 ნოემბერს, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
29 ნოემბერს იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ და აცხადებდნენ, რომ „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეჩერება სცდება პოლიტიკური გემოვნების საკითხს, იგი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის გაცხადებულ მიზანს“. განცხადებას ხელი 600-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
