2009-2019 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, პროფესორ მაია კოპალეიშვილის შეფასებით, „უცხოეთის აგენტების შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტები ანტიკონსტიტუციურია და სახელმწიფო ორგანოებს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას ანიჭებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
„მათი გაერთიანებულ კანონად თუ ცალ-ცალკე კანონებად ქცევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა დადგეს არა რომელიმე ნორმის, არამედ მთელი კანონის კონსტიტუციურობის საკითხი, რადგან ის წესრიგი, რომლის დადგენასაც ეს კანონპროექტები დამოუკიდებლად თუ სინთეზში ითვალისწინებენ, არის ანტიკონსტიტუციური. კანონპროექტები თავისი არსით ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, არამედ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს, სულისკვეთებას, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების შესაბამისად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, გაერთიანებების თავისუფლების გაგებას.
კანონპროექტები ითვალისწინებს ისეთი რეგულირებების შემოტანას, რომლებიც არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს კანონის სამართლიანობის, ნორმის განჭვრეტადობის შესახებ. შეიცავს ბუნდოვან და დისკრიმინაციულ დებულებებს, რაც პრაქტიკაში გამოიწვევს საკითხის უსამართლოდ გადაწყვეტას. კანონპროექტების კანონად ქცევის შემთხვევაში სახელმწიფო ორგანოები იძენენ განუსაზღვრელ უფლებამოსილებას შეზღუდონ ადამიანის უფლებები.
კანონპროექტი უბიძგებს ადამიანებს დაუბრუნდნენ ავადსახსენებელ მე-20 საუკუნის 30-იან წლებს - აცოცხლებს ე.წ. დასმენის ინსტიტუტს (მაგ. „მონიტორინგის დაწყების საფუძველია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას“), ითვალისწინებს აგენტად გამოცხადებული ორგანიზაციის ყველა რიგითი თანამშრომლის პერსონალური ინფორმაციის გენერალურ პროკურატურაში წარდგენას („იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა“), ერთი კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ და მეორე ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობის დამდგენი ოდენობები ჩადენილი ქმედების არაპროპორციულია და სხვა“, - წერს მაია კოპალეიშვილი სოციალურ ქსელში.
მაია კოპალეიშვილი ერთ-ერთია სხვადასხვა უნივერსიტეტის 237 პროფესორს შორის, რომლებმაც პარლამენტს მოუწოდეს, არ დაუჭიროს მხარი რუსულ კანონს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და მოქალაქეების ურყევი ნება, საქართველო გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტები „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. იუსტიციის სამინისტროს ექნება მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების, პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და 25 ათასი ლარით დაჯარიმების უფლებამოსილება. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ კანონის დამრღვევის 5 წლით დაპატიმრებასაც. კანონპროექტებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, 9 მარტს უყრიან კენჭს და მიიღებენ.
