„ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტია, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ დასჭირდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მხარდამჭერებთან გამოსვლის დროს ტყვიაგაუმტარი მინების მიღმა დგომა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 2 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
- 3 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- 6 „ქართული ოცნება“ რუსეთს ქვეყანაში გავლენის გაზრდის საშუალებას აძლევს - აშშ-ის დაზვერვა
ირაკლი კობახიძემ არგუმენტად „უსაფრთხოების მომეტებული რისკები“ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება დაასახელა.
„თქვენ იცით, რომ არის უსაფრთხოების მომატებული რისკები, იცით, რომ არის, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში და იცით ასევე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სწორედ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი, შესაბამისად, მთავარი რისკფაქტორებიც ამას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები, რომლებიც იქნა დღეს მიღებული და რომლებსაც მივიღებთ შემდეგ შეხვედრებზე, არის აბსოლუტურად ლოგიკური.
თქვენ იცით, რა ხდება მსოფლიოში, ეს ერთი, და იცით ასევე, რომ დღევანდელი ოპოზიცია, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყველაფერზეა წამსვლელი. მარტო წელიწადში 140 ადამიანს კლავდნენ ციხეებში, მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, ჩალის ფასი აქვს, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, რისკები არსებობს და, შესაბამისად, უნდა იყოს მიღებული უსაფრთხოების ზომები“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო შეხვედრები მცხეთიდან დაიწყო. ღონისძიებაზე, სადაც ადმინისტრაციული რესურსიც იყო მობილიზებული, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა სიტყვით. ივანიშვილმა სპეციალურად მისი გამოსვლისთვის სცენაზე განცალკევებით დამონტაჟებული ტყვიაგაუმტარი მინებით შემოსაზღვრული ტრიბუნიდან ისაუბრა. ის საკუთარი პარტიის წევრებისგანაც იყო იზოლირებული, ხოლო სიტყვის დასრულების შემდეგ ხელი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ჩამოართვა და სცენა დატოვა.
ერთი თვის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) განაცხადა, რომ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებენ. სუს-ში არ დაუკონკრეტებიათ, როდის და რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
