„ნინო, გამაგრდი, მარტო არ ხარ!“ - მზია ამაღლობელის სოლიდარობა ნინო დათაშვილს

ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა თავის საბოლოო სიტყვაში დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის შესახებ ისაუბრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„4 აგვისტო მონიშნული მქონდა, როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილის, სინდისის პატიმრის, მარტოხელა დედის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს.

ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც კი ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. მას სოლიდარობის ნიშნად წიგნიც კი ვერ შევუგზავნე. თვეზე მეტია, ჩემს საკანშია მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“, წარწერით: ნინო, გამაგრდი, მარტო არ ხარ!“, - თქვა მზია ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვის დასაწყისში.

ნინო დათაშვილი 20 ივნისს, სასამართლოს მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და მასაც, მზია ამაღლობელის მსგავსად, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ნინოს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, მე სრულიად ჩამოვიშალე. მიჭირს გავიხსენო, მორალისგან ასეთი დაცლილი გარემო კიდევ როდის იყო. შემდეგ გამახსენდა ნინოს სიტყვები: „მე მსხვერპლი არ ვარ“ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მჯერა, ნინო ამ გამოწვევას გაუმკლავდება და რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.

ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, ზოგჯერ მეც ამიწყლიანდება, მიცრემლდება თვალები, ხმაში ბზარიც მიჩნდება, ენაც მებმება ზოგჯერ და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. რას ფიქრობთ, ჩემი ეს მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს? ჩემს საბოლოო სიტყვაში სათქმელი ბევრი საკითხი, დათაშვილის ფაქტის გამო, უმნიშვნელო გახდა“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

2 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურის შეუამდგომლობა დააკმაყოფილა და დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ბრალდების მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტის საფუძველზე, სადაც ნინო დათაშვილის დიაგნოზის სიმპტომად ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ანუ ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობაა მითითებული. როგორც ადვოკატმა თამარ გაბოძემ განაცხადა, ნინო დათაშვილმა შემოწმების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს, ხოლო თუ შემოწმებაზე უარს იტყვის, სასამართლოს განჩინება პროკურატურას აძლევს უფლებას, „იძულების პროპორციული ზომები“ გამოიყენოს.

განჩინება სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედმა ორგანიზაციებმა, პროფესიულმა ასოციაციებმა და სპეციალისტებმა ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების მცდელობა დაგმეს. „მოგიწოდებთ, რომ ეს საგანგაშო და მანკიერი პრაქტიკა ჩანასახშივე აღმოფხვრათ და არ ვაქციოთ ფსიქიატრია და მედიცინა პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად, როგორც ეს ფაშისტურ პოლიტიკურ რეჟიმებს ახასიათებს. სხვანაირად, ნაზი შამანაურის მსგავსი ტრაგედიები შესაძლოა გახდეს ჩვენი ახალი რეალობა და ყოველდღიურობა“, - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ინციდენტი, რომლის გამოც ნინო დათაშვილი დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მოხდა. ნინო დათაშვილი სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს სხდომის დარბაზის წინ იდგა. მანდატურებმა მას მოსთხოვეს აღნიშნული ადგილი დაეტოვებინა და ფიზიკურად სცადეს მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა მათ უთხრა, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქალს მკერდის არეში ორივე ხელი ჩაავლო და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა სწორედ ამ მანდატურს სახეში სილა გაარტყა, რის შემდეგ მანდატურმა მისი თავი მკლავებში მოიქცია, ყელზე წაუჭირა და ასე ცდილობდა მის გარეთ გაძევებას. სასამართლოს შენობის კორიდორში ქალი დავარდა. ის წამოაყენეს. ნინო დათაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მანდატურებმა ისევ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით, გარეთ გააძევეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.