თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სამოქალაქო აქტივისტ ნინო დათაშვილისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. როგორც ადვოკატმა თამარ გაბოძემ განაცხადა, ნინო დათაშვილმა შემოწმების მიზნით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს, ხოლო თუ შემოწმებაზე უარს იტყვის, სასამართლოს განჩინება პროკურატურას აძლევს უფლებას, „იძულების პროპორციული ზომები“ გამოიყენოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
ბრალდების მხარემ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოითხოვა ადვოკატის მიერ წარდგენილი, 2019 წლით დათარიღებული დოკუმენტის საფუძველზე, სადაც ნინო დათაშვილის დიაგნოზის სიმპტომად ფსიქო-ემოციური ლაბილობა, ანუ ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობაა მითითებული.
„აღკვეთის ღონისძიების განხილვის პროცესზე, ანუ პატიმრობას როდესაც ითხოვდა პროკურატურა, მე პირადად წარვადგინე დოკუმენტი ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ 2019 წელს ნინოს ჩატარებული აქვს ხერხემლის ოპერაცია, მას აქვს ხერხემლის დაზიანება. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ნინო უჩივის ტკივილებს, რომელიც ინტენსიური გახდა უკანასნელ პერიოდში და აი, ამ დიაგნოზის თანმხლებად მითითებულია ემოციური ლაბილობა. ანუ, მითითებულია, რომ ნინოს იმდენად სტკივა ხერხემალი, რომ ემოციაში გამოხატავს ამას.
ძალიან ბევრი წელია, სისხლის სამართლის ადვოკატი ვარ და არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ემოციაზე, ლაბილობაზე პროკურატურას ჩაეტარებინა სამედიცინო ექსპერტიზა.
ეს მტკიცებულებები წინა სასამართლო სხდომაზე წარვადგინე იმისთვის, რათა სასამართლოს და პროკურატურას ეფიქრათ, რომ ნინოსთვის არ შეიძლებოდა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება“, - განაცხადა თამარ გაბოძემ.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ ისე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომ ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
„საუბარი არ არის მკურნალობაზე, არამედ პროკურატურას აინტერესებს, შერაცხადი არის თუ არა ნინო დათაშვილი. ზუსტად ეს არის უკანონო და ამორალური, რომ პროკურატურამ ადამიანის ემოციებიდან გამომდინარე მისი შერაცხადობის საკითხი დააყენა, რადგან ემოციები ყველას გვაქვს. მოსამართლე, ალბათ, არ დაფიქარდა, რისი განჩინება გასცა და როგორი ახალი ველი გაუხსნა პროკურატურას ადამიანების დევნისთვის - დაშინება, დასჯა და სტიგმატიზაცია“, - აღნიშნა ადვოკატმა.
სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია, თუმცა, ნინო დათაშვილის იტერესების დამცველს არ აქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და გადაწყვეტილებას გააუქმებს.
„საჩივარში ვითხოვთ, რომ ჩაინიშნოს ზეპირი მოსმენა და ნინო დათაშვილს ახლა მაინც მიეცეს შესაძლებლობა, რომ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. სააპელაციო სასამართლო დიდი ალბათობით არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლის მიერ განჩინებაში განსაზღვრულია 30 დღე განჩინების შესასრულებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირაში ნინოს გადაიყვანენ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ იძულებითი ზომების მიღება აკრძალულია, თუ არ არსებობს ძალიან მკაფიო ამისი კრიტერიუმები და გაიდლაინები, როდის შეიძლება, როგორ შეიძლება იძულების ზომების გამოყენება, რათა არ შეილახოს ადამიანის პატივი და ღირსება, არ გაუთანაბრდეს ეს მოპყრობა წამებას, მოსამართლემ განჩინებაში პირდაპირ მიუთითა, რომ თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ექსპერტიზაზე გადაყვანაზე, განჩინების შემსრულებლებს აქვთ უფლება გამოიყენონ იძულების პროპორციული ზომები“, - განაცხადა თამარ გაბოძემ.
ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურატურა ექსპერტიზას ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებისთვის იყენებს. მომდევნო სხდომა, სადაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა იმსჯელოს, 7 აგვისტოს არის ჩანიშნული.
ნინო დათაშვილისთვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას ფსიქოლოგი მაია ცირამუა გამოეხმაურა:
„როგორ, რა კრიტერიუმია ეს, შერაცხადობა/შეურაცხადობის დასადგენად? 2019 წელს ოპერაცია რომ გაიკეთა ადამიანმა და პოსტ-ოპერაციული მდგომარეობა თუ ჰქონდა ემოციის და განწყობის სწრაფი მონაცვლეობა, რაც სრულიად ადეკვატური პასუხია ამგვარ გამოცდილებაზე, ეს ჩანაწერი როგორ იძლევა ფსიქიატრიული ექსპერტიზის საფუძველს?! რას ნიშნავს, ეს, რა მიზანს ემსახურება?
არც კი მჯერა, რომ ეს საბჭოთა ფსიქიატრიული პრაქტიკა გაგვიცოცხლეს.
მოვუწოდებ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს, სად, რა სახის სერვისშიც არ უნდა მუშაობდნენ ისინი, ნუ შევუწყობთ ხელს ამ მავნე პრაქტიკის საქართველოში გაცოცხლებას და დამკვიდრებას. პატივი ვცეთ ჩვენს პროფესიას და რაც მთავარია, დავრჩეთ ადამიანზე ორიენტირებულ სპეციალისტებად.
ნებისმიერი პატიმარი, წარსულში კი არა, ახლაც, საკანში ყოფნისას რომ იყოს ემოციურად ლაბილური, ეს არის ადეკვატური პასუხი შეცვლილ გარემოებებზე. პენიტენციური სტრესი არ გაგიგიათ? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი ფორმა სტრესის, რომელიც უამრავ პრობლემას იწვევს, ასეც რომ იყოს, არც ეს არ გამოდგება არანაირ მიზეზად ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასანიშნად, პირველკურსელმაც კი იცის, ან უნდა იცოდეს, რა შეიძლება გადაიქცეს ექსპერტიზის მიზეზად. იძულებაზე საერთოდ ლაპარაკიც კი არ შეიძლება“.
აქტივისტი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო დათაშვილი 20 ივნისს დაააკვეს და ბრალად სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა წარუდგინეს, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინციდენტი, რომლის გამოც ნინო დათაშვილი დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მოხდა. ნინო დათაშვილი სინდისის 8 პატიმრის სასამართლოს სხდომის დარბაზის წინ იდგა. მანდატურებმა მას მოსთხოვეს აღნიშნული ადგილი დაეტოვებინა და ფიზიკურად სცადეს მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა მათ უთხრა, რომ მისთვის ხელი არ ეხლოთ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქალს მკერდის არეში ორივე ხელი ჩაავლო და უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა მისი გაყვანა. ნინო დათაშვილმა სწორედ ამ მანდატურს სახეში სილა გაარტყა, რის შემდეგ მანდატურმა მისი თავი მკლავებში მოიქცია, ყელზე წაუჭირა და ასე ცდილობდა მის გარეთ გაძევებას. სასამართლოს შენობის კორიდორში ქალი დავარდა. ის წამოაყენეს. ნინო დათაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მანდატურებმა ისევ უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით, გარეთ გააძევეს.
