ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს განცხადებით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის და ნატოს ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი 25 წლის წინ, 1999 წელს გახდა. ასამბლეის ბიუროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნად აღიარეს იმის გათვალისწინებით, რომ ნატოში გაწევრიანება არის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია და კონსტიტუციაში დააფიქსირა.
„თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა ნატოში გაწევრიანებისთვის. ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება ნატოსთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს.
კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები.
საქართველო გზაჯვარედინზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ აჩვენონ, ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადყოფნა მომავალში, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა გაწვეულ უნდა იქნას.
ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირსა და ნატოში. მათ ეს კანონპროექტი მამაცურად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებებს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ დიალოგს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის, იან სტოლტენბერგის პოზიცია და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მოთხოვნა, კანონის უპირობოდ უკან გაწვევის შესახებ. 18 მაისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, თუმცა „ქართული ოცნება“ მის დაძლევას 27-28 მაისს აპირებს.
