მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი, რიგით მესამე საჩივარი გაიგზავნა. ამჯერად სტრასბურგი იმ სასტიკ მოპყრობას შეაფასებს, რომელიც მზიამ 2025 წლის 12 იანვარს, პოლიციის მხრიდან გადაიტანა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

იმ ღამეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ეზოში, მზია ამაღლობელი არა მხოლოდ უკანონოდ დააკავეს, არამედ მის ღირსებაზე პირდაპირი იერიში მიიტანეს:

ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე, მას „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა და აგინებდა. დგებუაძე ფიზიკურ ძალადობასაც ცდილობდა, თუმცა ის საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. პოლიციის უფროსმა დაკავებულ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, აუკრძალა წყლის დალევა და საპირფარეშოთი სარგებლობა. ხელბორკილები კი, ყოველგვარი საჭიროების გარეშე, მხოლოდ დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს. ჩხრეკა ჩატარდა ადვოკატის გარეშე, ხოლო დაცვის უფლებით სარგებლობა მას რამდენიმე საათის განმავლობაში აუკრძალეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელი დღემდე არ არის დაზარალებულად ცნობილი. უფრო მეტიც, ორგანიზაციის განცხადებით, დაზარალებულის სტატუსის მისაღებად ქვეყნის შიგნით ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს.

მზია ამაღლობელზე ძალადობაში მხილებული, ბათუმის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი დგებუაძე

მას შემდეგ, რაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა, საქმე აჭარის პროკურატურამ გადაიბარა, რომელიც საერთოდ არ პასუხობს ადვოკატების მოთხოვნებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სასამართლო კი საჩივარს არ განიხილავს იმ ფორმალისტური მიდგომით, რომ პროკურატურის ოფიციალური უარი არ არსებობს. ამის გამო, მზია ამაღლობელი ქვეყნის შიგნით სრულიად დაუცველი დარჩა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის ფუნდამენტური პრინციპები:

  • წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა (მე-3 მუხლი): პოლიციის მხრიდან გაუმართლებელი ფიზიკური ძალის გამოყენება, რამაც სხეულის დაზიანებები გამოიწვია, სახეში შეფურთხება, წყლის მიწოდებისა და საპირფარეშოთი სარგებლობის აკრძალვა, გენდერული ნიშნით განხორციელებული მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა დისკრიმინაციული მოტივით მოხდა.
  • ეფექტიანი გამოძიების არარსებობა: სახელმწიფომ არ გამოიძია მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, არ შეისწავლა მისი დაცვის უფლების დარღვევის მიზეზები, რეაგირების გარეშე დატოვა პოლიციელთა, მათ შორის ირაკლი დგებუაძის ცრუ ჩვენებები და არ გამოკითხა რეალური დამკავებლები, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის უშუალო მოწმეები არიან.
  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა (მე-8 მუხლი): ადვოკატის გარეშე ჩატარებული ჩხრეკა და ხელბორკილების გამოყენება ყოველგვარი უსაფრთხოების რისკის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში გაუმართლებელ და არაპროპორციულ ჩარევას.
  • სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი): ქვეყანაში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ადამიანს დაზარალებულის სტატუსის მიღებაში დაეხმარება, როცა სისტემა მის წინააღმდეგაა.

ეს მზია ამაღლობელის მესამე საჩივარია ევროპულ სასამართლოში. პირველი ეხება მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონო გამოყენებას და განხილვის ეტაპზეა, ხოლო მეორე ადმინისტრაციულ დაკავებას და მასთან დაკავშირებულ დარღვევებს. მეორე საჩივარი უკვე დარეგისტრირებულია. 

რამდენიმე დღის წინ, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მზია ამაღლობელის საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ითხოვდა. ადვოკატების თქმით, სტრასბურგში ძირითადი საქმის გასაჩივრებაც იგეგმება.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმში, პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.