მიქელაძე: სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაციაა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ევროკავშირთან ურთიერთობების ესკალაციად აფასებს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ამ ორგანიზაციებს შორის ერთ-ერთია.

ახალი ამბები

ყველა სიახლე

მკითხველის რჩეული

„ქართულ ოცნებას“ 31 აგვისტოს ეწურება ვადა ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიისთვის განახლებული ინფორმაციის მისაწოდებლად. რვა რეკომენდაციას შორისაა საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებების დაცვა.

„დღეს დილით აღმოვაჩინეთ, რომ ანგარიშები დაყადაღებული იყო. თავიდან ვიფიქრეთ, რომ ეს ანტიკორუფციული ბიუროს პროცედურის ფარგლებში მოხდა. თუმცა, საბოლოოდ, პროკურატურის საჯარო განცხადებით გავიგეთ, რომ ჩვენი და სხვა ორგანიზაციების ანგარიშები პროკურატურის შუამდგომლობით ე.წ. საბოტაჟის გამოძიების ფარგლებში დაიყადაღა. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ მისი დასაბუთება ალბათ არც არის საჭირო, თუმცა ამაზე ვრცლად მოგვიანებით დავწერთ“, - წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

მისი თქმით, ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება პრაქტიკულად ნიშნავს მათ ინსტიტუციურ და ფინანსურ პარალიზებას.

„ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ჩვენ მოქალაქეების და სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა ვეღარ გავაგრძელოთ და გავჩერდეთ. აღარ ვამხილოთ მათი დანაშაულები, უსამართობა და აღარ ვაშენოთ სოლიდარობა საზოგადოების შიგნით.

ვიზალიბერალიზაციის საკითხის დედლაინამდე (31 აგვისტომდე) რამდენიმე დღით ადრე სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების გადაწყვეტილება რას შეიძლება ნიშნავდეს, ეს ცალკე დიდი საკითხია. პრაქტიკულად ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის ესკალაცია „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამ პროცესის სრული საბოტაჟი“, - აღნიშნავთ მიქელაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დღეს, 27 აგვისტოს, შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. „საბოტაჟის საქმის“ ფარგლებში, პროკურატურა მათ საპროტესტო აქციების „დაფინანსებას“, დაჯარიმებული პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდას და მათი დაცვის ხარჯების უზრუნველყოფას ედავება.

დაყადაღებულია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, „სამართლიანი არჩევნების“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“, „დემოკრატიის მცველების“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ანგარიშები.

პროკურატურამ ე.წ. საბოტაჟის საქმის გამოძიება თებერვალში, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებილი ორგანიზაციის „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარტში დააყადაღეს „ნანუკას ფონდის“, „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.