საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს მიიღებენ, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა არაუგვიანეს 5 მაისისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა მიაწოდოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ხოლო თბილისის მერიას - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების მონაცემები.
გასულ წლებში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარი გაიცემოდა, ხოლო დაღუპულთა ოჯახის წევრებზე - 500 ლარი. ოჯახის წევრებში მოაზრებიან მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შშმ შვილი, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი.
2023 წლის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 114 მონაწილე ცხოვრობს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, უმრავლესობის ასაკი საუკუნეზე მეტია. მათგან ყველაზე უხუცესი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 104 წლის, ალექსანდრე ბუსკივაძეა.
საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისს აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომი 1939 წელს დაიწყო და 1945 წელს ვერმახტის, ნაცისტური გერმანიის შეიარაღებული ძალების, კაპიტულაციით დასრულდა. საომარი მდგომარეობა, ევროპაში, 1945 წლის 8 მაისს, მოსკოვის დროით კი 9 მაისს შეწყდა, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ. ომს დაახლოებით 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოდან საბჭოთა ჯარში გაწვეული იყო 700 000-ზე მეტი მებრძოლი, მათგან 300 000-ზე მეტი ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. მეორე მსოფლიო ომში ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი საქართველომ გაიღო.
