„მძიმე ტრავმა აქვს მიღებული“ – თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი  დინამიკითაა, თუმცა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„პაციენტი შემოყვანილია დღეს დილით, დაახლოებით შვიდის ნახევარზე. გადმოყვანილი იქნა სხვა კლინიკიდან, მდგომარეობა შემოსვლისას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა. ამ წუთში, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტ-ნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ღონისძიებები, რაც პროტოკოლითაა გათვალისწინებული“, – განაცხადა რატიანმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა  „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემაც, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყოფებოდა. მისი თქმით, რიჟვაძეს ერთი ჭრილობა აქვს და „მხოლოდ ფილტვია დაზიანებული“.

„გვიან ღამე შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული. შესაბამისად, ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული საიმისოდ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილიყო.

ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვინაიდან ძალიან მძიმე ტრავმებია ორგანიზმისთვის, რომელიც არის ამ შემთხვევაში სახეზე. [...] ძალიან მძიმე, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის, თავზარდამცემი შეიძლება ითქვას და ყველაფერს აკეთებენ ექიმები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ჯანმრთელობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იყო მისული.

დღეს, 7 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით საგარეჯოს კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანას კვალიფიკაციით დაიწყო. იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დაკავებულია საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. საგარეჯოში, ახვლედიანის სახლში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.   

სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა წერილი, რომელიც სამედიცინო პერსონალმა მის ტანსაცმელში იპოვა. „იმედის“ თანახმად, რიჟვაძე წერილში იმედს გამოთქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილი მის ოჯახს დაიცავს.

წერილის ნამდვილობა დადგენილი არ არის. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია. სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი შეიყვანეს, წერილის მედიისთვის გადაცემას არ ადასტურებენ.

36 წლის თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას თითქმის 7 წელი, 2018 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 4 აპრილამდე იკავებდა. 2021 წელს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრიც გახდა. გადადგომის შემდეგ რიჟვაძე პოლიტსაბჭოდან გარიცხეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.