„ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნული მამუკა მდინარაძის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე იქნება. აღნიშნულ თანამდებობას ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ირაკლი ბერაია იკავებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეგობარია და ძალიან კარგი კადრია, მე ჩემი ხედვები მაქვს, ჩემი გუნდი მყავს, რომელსაც ამ სამსახურში ვამუშავებ ძალიან წარმატებით, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა მდინარაძემ ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით. ბერაია 2024 წლის 5 აპრილიდან 2025 წლის 5 აპრილამდე დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო.
ლაშა მაღრაძე აპრილის ბოლოდან დღემდე „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო, ხოლო თებერვლიდან აპრილამდე - სპორტის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. უფრო ადრე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი.
რაც შეეხება სუს-ის უფროსის სხვა ახლად დანიშნულ მოადგილეებს, ესენი არიან:
ალექსანდრე მაისურაძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა 2025 წლის მაისიდან. მანამდე იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უსაფრთხოების დირექტორატის უფროსი.
ლევან ხარაბაძე – 2024 წლის მარტიდან იკავებდა შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას, წელს კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა. 2004 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პერიოდში, 2004-2013 წლებში, ლევან ხარაბაძე იყო ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე, მე-3, მე-5 და მე-6 განყოფილებების უფროსი, ასევე, თბილისის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსი. 2013 წელს ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს, 2015 წლიდან 2018 წლამდე კი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. 2021-2024 წლებში იყო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, 2020-2021 წლებში სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019-2020 წლებში მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
თამაზ ბორაშვილი – სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 6 წლის ვადით დაამტკიცა. მანამდე, სუს-ის უფროსად თითქმის ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ, ანრი ოხანაშვილი გაათავისუფლეს.
