მოშიმშილე მერაბ სარალიძე / საქართველოს ამბების ფოტო

„ჯორჯიან მანგანეზის“ გაფიცული თანამშრომლები ხვალიდან ჭიათურაში ბლოკპოსტების მოწყობას აპირებენ, რათა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კომპანიას ქალაქიდან მანგანუმის გატანის საშუალება არ მისცენ. ამის შესახებ პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერაბ სარალიძემ განაცხადა. გარდა ამისა, გაფიცულები ორშაბათიდან, თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებას აანონსებენ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ხვალიდან ჩვენ უკვე ბლოკპოსტებს გავამაგრებთ. არცერთი კილო მანგანუმი არ უნდა გავიდეს ჩვენი ქალაქიდან. ჩვენი ქალაქის სიმდიდრე უნდა დარჩეს აქ მანამ, ვიდრე ამ ქალაქის მაცხოვრებლების უმრავლესობის ინტერესები და მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ვაპირებთ, რომ ეს ხვალიდან გავაკეთოთ, თუ ქმედითი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული. ორშაბათიდან აქციის მონაწილეების ნაწილი თბილისში წავა. ალბათ უფრო სწორი იქნება პარლამენტთან არ წავიდნენ და მივიდნენ „ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალურ ოფისთან, იქ გაიმართონ აქცია. ბიჭები მზად არიან, რომ იშიმშილონ. რა თქმა უნდა, თბილისში აქციას ჩვენი მეგობრები შეუერთდებიან - აქედან წასულები თუ იქ მცხოვრებლები, რომლებიც მხარს გვიჭერენ და ჩვენს სიმართლეში დარწმუნებულები არიან“, - განაცხადა მერაბ სარალიძემ.

სარალიძის თქმით, არ აპირებენ, თბილისშიც ჩამოიცილონ ის ადამიანები, ვისაც პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ:

„დღემდე აბსოლუტურად ვემიჯნებოდით პოლიტიკას, მთავრობას ნდობას ვუცხადებდით, გვქონდა იმედი, რომ დაგვეხმარებოდნენ და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა, მაქსიმალურად ვიცილებდით იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკური ინტერესები აქვს, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას თბილისში არ ავიღებთ.

ვადასტურებ, ჩვენ პოლიტიკურ  განცხადებებს არ გავაკეთებთ, ვილაპარაკებთ მხოლოდ ჩვენს საქმეზე, ჩვენი ინტერესი მხოლოდ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, მაგრამ ვერ დავუწყებთ ბრძოლას იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკური ინტერესები ექნება“.

როგორც მერაბ სარალიძე ამბობს, „ჯორჯიან მანგანეზი“ ყალბი Facebook-გვერდის საშუალებით მაღაროელების, მათ შორის, მათი ანაზღაურების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

„წერენ, რომ მაღაროელს ხელფასი 2227 ლარი აქვს. რეალურად ასე არ არის. მაღაროელის  მაქსიმალური ხელფასი 1750-1800 ლარია. „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძვანელობა ფულს იხდის იმაში, რომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს, გვებრძოლოს ბინძური ხერხებით და ფული ენანება იმ ადამიანებისთვის, ვინც მას პროდუქციას უქმნის, ვინც რეალურად ფულს აშოვნინებს. ეს ადამიანები რომ დააკმაყოფილოს და ხელფასი გადაუხადოს, ენანება“, - განაცხადა დღეს სარალიძემ.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების გაფიცვა მე-12 დღეა გრძელდება. მათგან ათი მე-6 დღეა მერიის წინ გაშლილ კარავში შიმშილობს. ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. მაღაროელებს 14 მოთხოვნა აქვთ, რომელთაგან უმთავრესი ხელფასების 40%-ით გაზრდა და სამუშაო გრაფიკის უცვლელად დატოვებაა.

15 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულ თანამშრომლებს შესთავაზა, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს მათი ბონუსები და ბენეფიტები. „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია მაღაროელების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების გარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).