„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების გარდა. კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს მათი ბონუსები და ბენეფიტები.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 ოკუპირებულ გალში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დავით ქაცარავას დრონი ჩამოაგდეს
- 3 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 4 26 ოქტომბრის არჩევნების გამო დე ფაქტო აფხაზეთი ენგურის ხიდს ჩაკეტავს
- 5 „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას უარყოფს
- 6 ბუდანოვის თქმით, უკრაინაში საომრად 11 ათასი ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი ემზადება
შრომის პირობების გაუმჯობესების, მათ შორის, ხელფასის 40%-ით მომატებისა და 1-ელ თებერვლამდე არსებულ სამუშაო გრაფიკზე/გეგმაზე დაბრუნების მოთხოვნით ასობით მაღაროელი ათი დღის წინ გაიფიცა. მათგან ათი, მეოთხე დღეა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წინ გაშლილ კარავში შიმშილობს. 7 ივნისიდან ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა ობიექტის მუშაობა გაჩერებულია.
დღეს კომპანიასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მედიატორის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში „ჯორჯიან მანგანეზი“ გამოხატავს მზაობას, მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება.
„კომპანია სთავაზობს „ჯორჯიან მანგანეზის“ ყველა თანამშრომელს, მათ, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს, ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, მათთვის სპეციალური სამუშაო რეჟიმი პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივოს და აანაზღაუროს ხელფასის 60%“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია პირველი თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის და დასაქმებულებისთვის ახალი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს:
„გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად, ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეაჩერა და უკვე მეხუთე თვეა, 3382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.
მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, 5 ივნისს კომპანიამ ე.წ ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 720 თანამშრომელს შეცვლილი სამუშაო პირობა შესთავაზა, რათა კომპანიას საქმიანობა არ შეეჩერებინა და ჭიათურის 3382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო.
უკვე წლებია, 2662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული თანამშრომლისა. შეცვლილი სამუშაო პირობა გულისხმობს ორცვლიანი 12-საათიანი სამუშაო პირობებიდან, სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები“.
„ჯორჯიან მანგანზი“ ირწმუნება, რომ ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანი დასაქმებულებისთვის შრომის უკეთესი, თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდაა.
ჭიათურის მანგანუმის მომპოვებელი მაღაროები თებერვლიდან გაჩერებული იყო. დასაქმებულების თქმით, კომპანიამ 1-ელი მაისიდან, როდესაც მათი გამოძახება და სამუშაო პროცესის ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო, ახალი პირობები წამოაყენა, რაც სამუშაო გეგმის და გრაფიკის შეცვლასაც გულისხმობს. მაღაროელების თქმით, ახალი გეგმის შესრულება შეუძლებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, სულ მცირე 20%-ით ნაკლები ანაზღაურების გამომუშავებას შეძლებენ.
შიმშილობის დაწყების შემდეგ, მაღაროელებმა შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს: ხელფასის 40%-ით მომატება; 2023 წლის 1-ელ თებერვლამდე არსებული სამუშაო გრაფიკის/გეგმის დაბრუნება; საბანკო სესხებზე პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება; დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება; შვებულებით სარგებლობა; დასაქმებულებისთვის მუშაობის დაწყების საშუალების მიცემა; ტექნიკის განახლება, გაუმჯობესება, შეცვლა; საკვების გაუმჯობესება; დასაქმებულებისთვის სანატორიუმით სარგებლობის საშუალების მიცემა, როგორც ეს 1-ელ თებერვლამდე ხდებოდა; ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში, მისი 100%-ით ანაზღაურება; 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეების 100%-ით ანაზღაურება; უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე კონტროლი; შპს-ების გაუქმება და კვლავ ერთ კომპანიად გაერთიანება; ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.