„ლელომ“ და გახარიას პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ, „გახარია საქართველოსთვის“ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, დაასახელეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ახლა ჩვენ მთელ საქართველოს და მთელ მსოფლიოს, მტერსაც და მოყვარესაც ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია საერთო მიზნისთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ინტერესისთვის, საქართველოს დაბრუნებისთვის გაერთიანება და ერთ მუშტად შეკვრა“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

„გახარია - საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არსებული „შეთანხმების პირველი ეტაპი შედგა“.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება. ჩვენ არ ვიბრძვით ერთამენთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ავტოკრატიით ჩაანაცვლა“, - თქვა ბუჩუკურმა.

პარტიებმა მერობის კანდიდატი ევროპის მოედანზე, ე.წ. რიყის პარკში წარადგინეს. ღონისძიებამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ დამფუძნებელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გარეშე ჩაიარა. „ქართული ოცნების“ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ისინი უკვე ორი თვეა პატიმრობაში იმყოფებიან.

მერობის კანდიდატის წარდგენას არ ესწრებოდა არც გიორგი გახარია, რომელიც ივნისიდან საზღვარგარეთ, ევროპაში იმყოფება. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიაში მან ჰუმანიტარული ვიზა ითხოვა, მის პარტიაში არ ადასტურებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს არის დანიშნული. დიდი ოპოზიციური პარტიებიდან კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იღებენ. მათ „არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ მემორანდუმიცგააფორმეს, სადაც მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზეა საუბარი.

„თბილისი, როგორც ევროპული ქალაქი, არ იმსახურებს რუს მერს. თბილისი იმსახურებს კოალიციურ მმართველობას და ის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც დაიდო ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის - გახარიას გუნდსა და კოალიცია „ლელო - ძლიერ საქართველოს“ შორის, ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვმართოთ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები და აზრი ვკითხოთ, პირველ რიგში, თბილისელებს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ბრძოლა არის ჩვენი საქმე და როგორი ბრძოლის გამართვა შეგვიძლია, ამას გაჩვენებთ, მათ შორის, 4 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ მერობის კანდიდატად დასახელების შემდეგ.

პროდასავლური  ოპოზიციური პარტიების უმეტესობა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. რვა პარტიის ერთობლივი განცხადების მიხედვით, „ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს“ და ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას „უსამართლობის დაკანონებაში.“

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი და პარტიის გენერალური მდივანი, კახა კალაძე ზედიზედ მესამედ წარადგინა. მერობის კანდიდატად არის დასახელებული ზურაბ მახარაძეც, პრორუსული და ძალადობრივი ჯგუფის „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.