„ლელო - ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში „ლელო - ძლიერი საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს. კოალიციის „საბოლოო გადაწყვეტილების“ შესახებ განცხადება დღეს, 5 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, 4 ოქტომბერი დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტია. კოალიციის გადაწყვეტილებას „დიდ შეცდომად“ მიიჩნევს საბა ბუაძე. ამის გამო მან „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიცია და პოლიტსაბჭო დატოვა. საბა ბუაძის თქმით, პარტიის რიგით წევრად დარჩება იქამდე, ვიდრე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პატიმრობიდან არ გათავისუფლდებიან.

ირაკლი კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა:

„სამწუხაროდ, საქართველოს ეგრეთწოდებული პრეზიდენტი არის მასხარა! გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შეთავაზება იყო „კა-გე-ბე-ს“და „სუს-ის“ დაგეგმილი ავანტურა "ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ!

დღევანდელი ეს ღონისძიება დაიგეგმა რამდენიმე დღის წინ, მოხდა პარტიის რეგიონული ლიდერების ინფორმირება და თბილისში მოწვევა, ანონსი დაიგზავნა მედიაში და გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, რათა ჩვენ გაგვეხმოვანებინა პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება!

სწორედ იმიტომ, რომ ხელი შეეშალათ ჩვენთვის, სწორედ იმიტომ, რომ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ ეშინია პროდასავლური ოპოზიციის ჩართვის ამ ბრძოლაში, ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მაკარადი, რაც ჩვენ ვიხილეთ!

სულ ტყუილად, „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გეგმა, „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა, რომელიც ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“ „კა-გე-ბე“, „სუსი“ და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი!

ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსულ-ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ გვაქვს, ეს არის ბრძოლა! ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ყველა შესაძლო ველზე!

ბრძოლა ქუჩაში - აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით!

ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე - არაღიარებით, სანქციებით, იზოლაციით!

ბრძოლა არჩევნებში - 3000 ახალი პროტესტის კერის გაჩენით, დაპირისპირების ახალი კერების შექმნით, პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით!

საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვა და ყველა ადამიანისთვის პროტესტის გამოხატვის უფლების მიცემა! ეს არის ჩვენი, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალდებულება და ამოცანა!

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აკეთებს თავის განაცხადს! დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ოფიციალურად და დეკლარირებულად იწყებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებისთვის, თითოეული ახალგაზრდის მომავლისთვის და თითეული ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის - ჩვენ შევდივართ ბრძოლაში. ჩვენ შევდივართ დიქტატურის და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ ერთ წინააღმდეგობაში!

აქვე, მინდა მივმართო პროდასავლურ ოპოზიციას, ჩვენ ერთიანი მიზანი გვაქვს – ამ რეჟიმის დასრულება. პატივს ვცემთ ყველა ოპოზიციური პარტიის არჩევანს. თუმცა, ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე. რაც ყველაზე მთავარია, პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს ერთი მიზანი გვაქვს, რეჟიმის დამარცხება.

როგორც გამოჩნდა სტრატეგია ავირჩიეთ სხვადასხვა. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ მზად ვართ სრული ჩართულობისთვის და სრული თანამონაწილეობისთვის, ისევე როგორც აქამდეც, ტოტალურად და სრული რესურსით ვიყავით ჩართული პროტესტში და ქუჩის აქტივისტურ წინააღმდეგობაში. ჩვენი მხრიდან ეს ბრძოლა და პროტესტი გაძლიერდება!

აქვე, მზად ვართ და ვთავაზობთ პროდასავლურ ოპოზიციას, გავაძლიეროთ ერთმანეთი ჩვენს ბრძოლებში, მზად ვართ ერთობისთვის პროდასავლურ ოპოზიციასთან და მზად ვართ კოალიციური მუშაობისთვის!

დანაშაულია, ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება! 4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის ინდივიდუალური პროტესტი და განაჩენი რეჟიმისადმი! რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა ერთობლივად მოსაგებია“.

გუშინ, 4 ივლისს, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეწყალებას დაჰპირდა, თუ ისინი ამის შესახებ განცხადებით მიმართავენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილსაც „დაადასტურებენ“. „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ყაველაშვილის განცხადებას გუშინვე უწოდა პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით ვაჭრობის უბადრუკი მცდელობა და თქვა, რომ რუსულ რეჟიმთან ამ ვაჭრობაში არ შევლენ.

არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს რვა პროდასავლური ოპოზიციური პარტია - „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ფედერალისტები“. მათი ერთობლივი განცხადების მიხედვით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა „პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლით“ დააჩქარონ „არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული“. არჩევნების ბოიკოტს ასევე ემიჯნება პარტია „გახარია - საქართველოსთვის“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.