ყაველაშვილი დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ შეწყალებას ჰპირდება

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეწყალებას ჰპირდება, თუ ისინი ამის შესახებ განცხადებით მიმართავენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილსაც „დაადასტურებენ“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე“, – წერია მიხეილ ყაველაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააპატიმრეს.

სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა კოალიცია „ცვლილებისთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. 7-თვიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

„არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობასა და მათთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას. არ ვაპირებთ არც ე.წ. შეწყალების თხოვნით მიმართვას და არც ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას“, - ასე უპასუხა ყაველაშვილის წინადადებას „კოალიციამ ცვლილებისთვის“.  როგორც პარტიაში აცხადებენ, დადასტურდა, რომ არჩევნებში პროდასავლური ძალების მონაწილეობა არის „რეჟიმის გადარჩენისა და ცვლილებების გადავადების გზა და ამის მისაღწევად ყველანაირ გარიგებაზე წავლენ“.

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებას პოლიტიკური ლიდერების თავისუფლებით ვაჭრობის უბადრუკი მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ რუსულ რეჟიმთან ამ ვაჭრობაში არ შევლენ.

„რწმენით, რომ ეს არის 100%-ით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოზიცია, ვაცხადებ: არანაირი შეწყალების მიმართვა არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის არ იქნება. ჩვენ მას მივუთითებთ გზას რუსული ხომალდის მიმართულებით“, - განაცხადა კუპრაძემ.

ოპოზიციონერი ლიერების გარდა, 8 თვით არიან დაპატიმრებულები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები - გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს არის დანიშნული. რვა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და ყველაფერს გააკეთებენ, რათა „პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლით“ დააჩქარონ „არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული“. განცხადებას ხელს აწერენ პარტიები: „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ფედერალისტები“. არჩევნების ბოიკოტს ემიჯნებიან პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ და „ლელო - ძლიერი საქართველო“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.