„არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა და ეუთო/ოდირის მიერ საერთაშორისო დაკვირვებით არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული“, - აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ ყველა უკანონოდ დაკავებული უნდა გაათავისუფლოს“.
„მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
4 ოქტომბრის არჩევნებს გამოეხმაურა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელმაც განაცხადა, რომ რეპრესიული კანონები და ოპოზიციის ლიდერების პატიმრობაში ყოფნა კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საქართველოს არჩევნების მიმართ.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის შეფასებით, არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა, „ქართული ოცნების“ მიერ ეუთო/ოდირის დროულად მოწვევაზე უარის თქმამ კი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას ზიანი მიაყენა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პროდასავლური ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის ბოიკოტის და საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა.
არჩევნებს ციხეში შეხვდნენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები - ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, ასევე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. არჩევნების წინა პერიოდში დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია და თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზვიად კუპრავა.
თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდებოდნენ როგორც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ოდირი) დამკვირვებლები, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.
