კობახიძის თქმით, „ოცნებას“ არ სურს გაწევრიანება ისეთ EU-ში, „რომელსაც ვხედავთ დღეს“

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მის პოლიტიკურ ძალას არ სურს, საქართველო გახდეს „ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კობახიძის ეს განცხადება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით. მან დოკუმენტს „ერთი დიდი უსამართლობა“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში საქართველიოსთან დაკავშირებით დამახინჯებული ფაქტებია წარმოდგენილი.

„ეს დოკუმენტი, მთლიანობაში, ასახავს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში. ზუსტად ამ ტრაგიკული მდგომარეობის, სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ეკონომიკა თუ იყო მსოფლიო ეკონომიკაში 30%, ახლა ეს არის ჩამოსული 17.5%-მდე, წლიდან წლამდე მცირდება ეს წილი. არსებული ტრაგიკული მდგომარეობის გამოძახილია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური პრობლემები, რომლებიც აქვს შექმნილი დღეს ევროკავშირს სწორედ ევროპული ბიუროკრატიის მიერ სუვერენიტეტის დაკარგვის გამო“, – განაცხადა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კობახიძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში „ეს ტრაგიკული მდგომარეობა შეიცვლება და მუდმივი უკუსვლა, რომელსაც განიცდის დღეს ევროპული სივრცე, როგორც დემოკრატიის, ისე ადამიანის უფლებების და ეკონომიკის კუთხით, შემობრუნდება“.

„ჩვენ გვინდა, გავხდეთ ასეთი შემობრუნებული ევროკავშირის წევრი და არა ისეთი ევროკავშირის წევრი, რომელსაც ვხედავთ დღეს“, – განაცხადა „ქარტული ოცნების“ პრემიერ-მა.

ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ვიზიტიც შეაფასა და თქვა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერ-მინისტრ ლი ციანთან შეხვედრა იყო.

„ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე და განვიხილეთ, მათ შორის, თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული საკითხები, მნიშვნელოვანი თემა, რასთან დაკავშირებითაც გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, თანამშრომლობა. მივიღეთ ზოგადი დაპირება ჩვენი ჩინელი პარტნიორების მხრიდან, რომ იქნება სრული მხარდაჭერა, სრული ხელშეწყობა ამ მიმართულებით. ინტერესი არის ძალიან დიდი, რომ გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობა. ამას ენიჭება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სტრატეგიული ინტერესების რეალიზებისათვის, რაზეც ძალიან ღიად ვსაუბრობდით ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან“, - განაცხადა კობახიძმემ.

„ქართული ოცნების“ პრემიერმა აღნიშნა, რომ მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.