საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
- 3 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 4 საპროცესო შეთანხმების შემდეგ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა
- 5 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 6 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
კობახიძის თქმით, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის“ შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ჰუმანიტარული დისციპლინები კი 2.5-წლის განმავლობაში მილევად რეჟიმში დარჩება.
„ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა.
ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში.
შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უნივერსიტეტების შერწყმის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კობახიძე და „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური პოზიციები. ჩვენც გვქონდა ჩვენი სუბიექტური პოზიცია; ბუნებრივია, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ჰქონდათ საკუთარი სუბიექტური პოზიცია, მაგრამ რაც მთავარია შედგა ჯანსაღი დისკუსია და სწორედ ამის საფუძველზე ჩვენ შევძელით შეჯერება საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
[...] რა თქმა უნდა, ყოველგვარი კომპრომისების გარეშე განხორციელდება რეფორმა, დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად, და რაც შეეხება უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს, ამასთან დაკავშირებით არცერთხელ არ მითქვამს, რომ ვიქნებოდით უკომპომისოები, ხისტად პრინციპულები და ა.შ. არცერთხელ არ გამიკეთებია ასეთი კომენტარი“, – აღნიშნა კობახიძემ.
29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდებოდა.
3 თებერვალს, „ქართული ოცნების“ აპრლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში რეორგანიზაციას და მთავრობის მიერ დროებითი მმართველი საბჭოს შექმნას ეხებოდა.
5 თებერვალს ტექნიკური უნივერისტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო დადგენილება, სადაც ნათქვამი იყო, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მონაწილეობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი შერწყმა კონსტიტუციით გარანტირებული უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვაა.
უნივერსიტეტების შერწყმის წინააღმდეგი იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. უმაღლესი სასწავლებლის სენატი გაერთიანების ინიციატივას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა და „ქართული ოცნების“ მთავრობას პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებდა.
