ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის თსუ-სთან შერწყმას არ ეთანხმება

ფოტოზე - დავით გურგენიძე, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭო „ქართული ოცნების მთავრობას სტუ-ისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესის შეჩერებას სთხოვს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დადგენილებაში, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრებმა (36 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) 5 თებერვალს მიიღეს, ნათქვამია, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების მონაწილეობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი შერწყმა კონსტიტუციით გარანტირებული უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვაა.

 „სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ ეთანხმება უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის უნივერსიტეტის ნების უგულებელყოფით სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას.

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების: აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტების საბჭოების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოებისა და რექტორატის მონაწილეობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი რეორგანიზაცია (შერწყმა), წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით;

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სთხოვს საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შეაჩეროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებული (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის კუთხით) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის პროცესი, ვიდრე არ განხორციელდება საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა, არ შედგება რეალური და შინაარსობრივი განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოების ფარგლებში და არ იქნება მიღებული უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოების თანხმობა“, - ვკითხულობთ დადგენილებაში.

აკადემიური საბჭო, უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებათა სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საკითხების დეტალურ განხილვაში, რომლის მიზანი საქართველოში უკვე არსებული მძლავრი საინჟინრო სკოლის შემდგომი გაძლიერება იქნება.

ამასთან, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ „ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ რეფორმებს“, მას „მეტად საშურ და გადაუდებელ“ საქმედ მოიხსენიებს.

დადგენილების ბოლო პუნქტში აღნიშნულია, რომ საბჭო „იზიარებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის სულისკვეთებას და იტოვებს იმედს, რომ საქართველოს მთავრობაც გაიზიარებს 104 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტის მრავალათასიანი აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და სტუდენტების თხოვნას“.

29 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით,ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზის და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს. მალევე, სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ თსუ-სთან გაერთიანების შესახებ მიქანაძის ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე შეიტყო. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.