საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონის გარეშეც სცადოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აზერბაიჯანში განუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ჩვენ ამას ვუკავშირებდით საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას. თუმცა, თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი.
თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამის რესურსი მათ ნაკლებად აქვთ. შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან, შესაბამის ინსტრუქციებსაც მიიღებენ და საბოლოო ჯამში, არ ვიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდებიან პარლამენტში სკამებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე, რასაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ სჭირდება და დეპუტატების მცირე რაოდენობაც საკმარისია.
„თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, ამ შემთხვევაში შეიძლება განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი. მეორე მხრივ, იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, რომ შეიძლება ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედი, ანუ 30 დეპუტატია უფლებამოსილი საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს.
პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვა „ქართული ოცნების“ და პრემიერ კობახიძის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მმართველი პარტია მხარდამჭერებს არწმუნებდა, რომ ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 მანდატის მოპოვება სჭირდებოდა.
