კობახიძე BBC-ის გამოძიების გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის იმ ჟურნალისტური გამოძიების გამო, რომელიც 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების, კამიტის გამოყენებას ეხება. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ვფიქრობ, დიდმა ბრიტანეთმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სიყალბის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს. ეს არის პირველი, რაც ეკუთვნის დიდ ბრიტანეთს, რადგან „ბი ბი სი“ არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირდაპირ ფინანსდება საჯარო არხებით, შესაბამისად, პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბი სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს“, - განაცხადა კობახიძემ და კიდევ ერთხელ უწოდა ჟურნალისტურ გამოძიებას „სკანდალის შექმნის ხელოვნური მცდელობა“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებს იმისთვის, რომ BBC-ს „მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა“.

„ოცნება“ აპირებს ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, Ofcom-ს მიმართოს და შემდეგ - „სასამართლოებს, საჭიროების შემთხვევაში“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ნოემბერში, მას შემდეგ, რაც კორპორაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, განაცხადა, რომ სწამს ძლიერი და დამოუკიდებელი BBC-ის.

„ზოგიერთს ურჩევნია BBC არ არსებობდეს. მე მათ შორის არ ვარ. [...] სადაც შეცდომები დაშვებულია, წესრიგი უნდა აღდგეს და BBC-მ უნდა დაიცვას უმაღლესი სტანდარტები, იყოს ანგარიშვალდებული და სწრაფად გამოასწოროს შეცდომები. მაგრამ მე ყოველთვის მხარს დავუჭერ ძლიერ და დამოუკიდებელ BBC-ს“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

„როდესაც წყალი წვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“ - BBC World Service-მა ამ სათაურით გამოძიება 30 ნოემბერს გამოაქვეყნა. ჟურნალისტებმა მოიპოვეს სპეცრაზმის ინვენტარიზაციის სიის 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლი, სადაც ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“.

UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს.

„ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე - რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“, - ამბობს BBC-სთან კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტია. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.

„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ BBC-ის მასალაში მითითებული კოდებით - UN1710 და UN3439 - შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და გამხსნელი ნივთიერება ტრიქლორეთილენი. გამოძიების ფარგლებში შს სამინისტროდან ტრიქლორეთილენიც ამოიღეს - სუს-ის თანახმად, „ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით“.

ხუთდღიანი გამოძიების ფარგლებში, შსს-დან ასევე ამოიღეს ქიმიური ნივთიერება „პროპილენ გლიკოლი“. როგორც სუს-ი აცხადებს, „დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

„ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა“, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს „შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.