BBC-ის გენდირექტორი და News-ის ხელმძღვანელი ტრამპის რედაქტირებული გამოსვლის გამო გადადგნენ

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) გენერალურმა დირექტორმა ტიმ დეივიმ და BBC News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს გადაცემა Panorama-ში დონალდ ტრამპის დამონტაჟებული გამოსვლის ირგვლივ სკანდალის ფონზე.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დეივის და ტერნესის გადადგომა წინ უძღოდა გაზეთ The Telegraph-ის პუბლიკაცია. მასში ნათქვამია, რომ BBC Panorama-ს დოკუმენტურმა ფილმმა - „ტრამპი: მეორე შანსი?“, რომელიც ეთერში გასული წლის ოქტომბერში, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გავიდა, შეცდომაში შეიყვანა მაყურებელი, რადგან მასში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმში მისი მხარდამჭერების შეჭრის დღეს წარმოთქმული სიტყვა რედაქტირებული იყო.

გაზეთის ინფორმაციით, შიდა ანგარიშში მაიკლ პრესკოტი, კორპორაციის სარედაქციო სტანდარტების კომიტეტის ყოფილი დამოუკიდებელი გარე მრჩეველი, წერდა, რომ გადაცემაში ტრამპის გამოსვლის ორი განსხვავებული ნაწილი გააერთიანეს ის, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მან წააქეზა არეულობა. რედაქტირებული სიტყვის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ხალხს უთხრა: „ჩვენ კაპიტოლიუმში ჩავალთ და მე იქ თქვენთან ერთად ვიქნები და ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ ჯოჯოხეთურად“.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტრამპის სიტყვების დამახინჯების გარდა, დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იყვნენ დროშებიანი მომიტინგეები, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ კაპიტოლიუმისკენ მიემართებოდნენ, „რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ტრამპის მხარდამჭერებმა „იარაღისკენ მოწოდებას“ უპასუხეს“. სინამდვილეში, ეს კადრები ტრამპის გამოსვლამდე იყო გადაღებული.

The Telegraph-ის თანახმად, როდესაც საკითხი მენეჯერებთან დაისვა, მათ „უარი თქვეს სტანდარტების დარღვევის აღიარებაზე“. შემდეგ ანგარიშის ავტორმა BBC-ის თავმჯდომარე სამირ შაჰი გააფრთხილა Panorama-ს მიერ შექმნილი „ძალიან, ძალიან საშიში პრეცედენტის“ შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

„BBC სრულყოფილი არ არის და ჩვენ ყოველთვის ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა ვიყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ არის, BBC News-ის გარშემო მიმდინარე დავამ გასაგები მიზეზების გამო, გავლენა მოახდინა ჩემს გადაწყვეტილებაზე. საერთო ჯამში, BBC კარგი ორგანიზაციაა, მაგრამ გარკვეული შეცდომები დაშვებულია და, როგორც გენერალურმა დირექტორმა, საბოლოო პასუხისმგებლობა მე უნდა ავიღო“, - ნათქვამია დეივის წერილში. ის კორპორაციაში 20 წელი მუშაობდა, 2020 წლის სექტემბრიდან კი მისი გენერალური დირექტორი იყო.

დებორა ტერნესმა განაცხადა, რომ გადაცემა Panorama-სთან დაკავშირებულმა პოლემიკამ იმ წერტილს მიაღწია, სადაც ზიანი ადგება BBC-ს. „პასუხისმგებლობა ჩემზეა […] მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დაშვებულია, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ BBC News-ის, როგორც ორგანიზაციის, მიმართ ბოლო დროს გამოთქმული ბრალდებები ინსტიტუციური მიკერძოების შესახებ ყალბია“, - დაწერა მან.

ტრამპმა BBC-ის ხელმძღვანელების გადადგომას სოციალურ ქსელ TruthSocial-ში გამოეხმაურა:

„ყველა თანამდებობიდან მიდის ან სამსახურიდან ათავისუფლებენ, რადგან ჩემი 6 იანვარს ძალიან კარგი (იდეალური!) გამოსვლის „დამახინჯების“ დროს დაიჭირეს. ესენი არიან უკიდურესად არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა სცადეს. ყველაფერთან ერთად, ისინი იმ ქვეყნიდან არიან, რომელსაც ბევრი ჩვენს ნომერ პირველ მოკავშირედ მიიჩნევს. რა კატასტროფაა დემოკრატიისთვის!“.

ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ლიზა ნენდიმ განაცხადა, რომ Panorama-სთან დაკავშირებული სიტუაცია „ძალიან სერიოზულია“, თუმცა მაუწყებელს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, „რომელთაგან ყველაზე სერიოზული არის ის, რომ რთული საკითხების გაშუქებისას BBC-ში სისტემური მიკერძოებაა“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.